• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 18 აგვისტო


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკასაგან

12:49-53

მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს! ნათლისღებით მმართებს ნათლისღება, და როგორ ვეწამები, ვიდრე აღსრულდება. იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება. რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს; დიახ, განდგესა მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან.

კომენტარი

ლუკა მახარებელისათვის განსაკუთრებულად მნიშველოვანია მშვიდობის თემა. მისი სახარების დასაწყისში მწყემსები ისმენენ ანგელოზთა გალობას: «დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და ადამიანს ღვთის სიყვარული», დასასრულ კი აღმდგარი უფალი აუწყებს მოწაფეებს: «მშვიდობა თქვენდა», სადაც მშვიდობა ნიშნავს სავსე, ბედნიერ, სრულ ცხოვრებას. დღევანდელი სახარება კი თითქოს ეწინააღმდეგება გულმოწყალების მგალობელი მახარებლის სულისკვეთებას. დავაკვირდეთ, რაზეა საუბარი...

«ცეცხლის მოსატანად მოვედი ამქვეყად», ამბობს იესო. სახარებაში მესამედ ვისმენთ ცეცხლზე საუბარს. პირველად იყო, როცა იოანე ნათლისმცემელმა საშინელი სიტყვებით ილაპარაკა მესიაზე, რომელიც, მისი სიტყვით, მოდიოდა სული წმიდითა და ცეცხლით სანათლავად, სადაც სული წმიდა ღვთის ძლიერების გამოვლინება იყო იმათთვის, ვინც მესიას მიიღებდა, ცეცხლი კი სასჯელი იმათთვის, ვინც მასზე იტყოდა უარს, ცოდვილთათვის. მეორედ ცეცხლზე საუბარობენ იაკობი და იოანე, რომლებსაც სურთ გადაბუგონ სამარიის სოფელი, რომელიც არ ღებულობს იესოს. არადა, ამგვარი ცეცხლი როდი მოაქვს იესოს და ამას ვხვდებით მისივე სიტყვებიდან. ეს ცეცხლი მისი სიკვდილის ნაყოფია. მართლაც, ლუკა მახარებელი აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოგვითხრობს, რომ წმიდა სული ცეცხლის ენების სახით მოეფინა მოწაფეებს და ამგვარად დაიწყო ახალი კავშირი ღმერთსა და კაცობრიობას შორის, კავშირი, რომელიც დამყარებულია არა ღვთის მცნებათა შესრულებაზე, არამედ მისი სულის, მისი სიყვარულის მიღებაზე. ამიტომ ამბობს იესო, ცეცხლის მოსატანად მოვედიო, სული წმიდის ცეცხლისა, და როგორ მსურს, რომ უკვე ენთოს, როგორ მწადია, რომ ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირი აღარ იყოს ქცევაზე დამყარებული, არამედ სიყვარულზე, მამასა და შვილებს შორის სიყვარულზეო.

განაგრძობს იესო: ნათლობით უნდა მოვინათლოო. ნათლობას, რა თქმა უნდა, არა აქვს ის მნიშვნელობა, როგორც ჩვენ გვესმის ადამიანის მონათვლა, საეკლესიო საიდუმლოს აღსრულება. ნათლობა წყალში ჩაძირვას ნიშნავს, რასაც უარყოფითი მნიშვნელობა აქვს. წყლებმა უნდა წამიღოსო, ამბობს იესო, იმ ძალადობის მსხვერპლი უნდა გავხდე, რომელიც ძალიან ჰგავს მოვარდნილი წყლის ძალადობასო.

მშვიდობის მაუწყებელი ლუკას სახარებაში იესო აზუსტებს, თუ რას ნიშნავს მშვიდობა. «იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება». რას ნიშნავს ეს განხეთქილება? მშვიდობა, რომელიც იესოს მოაქვს, ადამიანსა და ღმერთს შორის ახალი ურთიერთობის ნაყოფი, შვილებსა და მამას შორის კავშირის შედეგი, გამოიწვევს მრავალი მოწინააღმდეგე ძალის რეაქციას. ამ ძალებს იესო ადარებს ოჯახს: სამნი ორის წინააღმდეგ და ორნი სამის წინააღმდეგ აღდგებაო. ძველი ახლის წინააღმდეგ: მამა გაიყოფა ძისაგან და ძე მამისაგან, დედა ასულისგან და ასული დედისგან, დედამთილი რძლისაგან და რძალი დედამთილისგან. ეს გაყოფა ძველებისგან მოდის, რომლებიც არ ღებულობენ იესოს მიერ მოტანილ სიახლეს. იესო არ საუბრობს შვილებს შორის განხეთქილებაზე, მის მოწაფეებს შორის გაყოფა არ შიძლება, რადგან სადაც დაყოფაა ის საკრებულო ნადგურდება. მახარებელი, მიქა წინასწარმეტყველის ციტირებით გვაფრთხილებს, რომ მამასთან ამ ახალი ურთიერთობის მოწინააღმდეგენი გარეშენი, რელიგიის მტრები კი არ იქნებიან, არამედ შინაურნი, რელიგიის მესვეურნი. იესო ის ღმერთია, რომელიც მოვიდა ყოველივეს გასაახლებლად. ვინც ძველს ეჭიდება, ის ვერ ამჩნევს იმ სიახლეს, რომელსაც ღვთის სული გვთავაზობს.

მ. აკაკი ჭელიძე

(ა. მაჯის მიხედვით)


57 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge