• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 25 აგვისტო


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიერ

13, 22-30

იმ დღეებში, იესო მიდიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმის გზას ადგა. ვიღაცამ უთხრა მას: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?“ მან კი უთხრა მათ: “იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს. როცა სახლის პატრონი ადგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე რეკვას და ეტყვით: 'ბატონო, ბატონო, გაგვიღე!' მაგრამ ის მოგიგებთ და გეტყვით თქვენ: 'არ გიცნობთ, სადაურები ხართ?' მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს: 'შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.' და გეტყვით: 'გეუბნებით , არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, უსამართლობის მოქმედნო.' იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხილავთ აბრაამს და ისაკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სასუფეველში, თქვენ თავს კი — გარეთ განდევნილებს. მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და ინახად დასხდებიან ღვთის სასუფეველში. და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან, და არიან პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან.“

განმარტება

სიკვდილის საიდუმლოს წინაშე ყველა თანასწორია. აღარ არსებობს სიცრუისა და თვალთმაქცობის შესაძლებლობა, შენს სიმდიდრეს, დიპლომებს, დახვეწილ ინტელექტსა თუ მზაკვრულ ჩანაფიქრებს, ფიზიკურ ძალასა თუ ძალაუფლებას ვეღარ ამოეფარები. პრეზიდენტია ადამიანი თუ პენსიონერი, მილიარდერია თუ უსახლკარო - სიკვდილი ყველას მოცელავს და თანასწორს გახდის. მაგრამ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რაც სიკვდილის შემდეგ მოხდება, პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ რა ხდება სიცოცხლეშივე, ახლა, სიკვდილის ჟამის დადგომამდე! ერთადერთი, რაც თან მოგვყვება, რაც თან „მიგვაქვს“ - ეს არის საკუთარი თავი და ის, რისი წყალობითაც ვიცხოვრეთ „სულითა და ჭეშმარიტებით“ (შდრ. იოან 4, 24), ეს არის ჩვენი სინდისი. ამგვარად, ყველაფერი იცვლება: მნიშვნელოვანი ხდება არა ის, რასაც ვფლობდით, არამედ ის, რაც გავეცით. მნიშვნელობა არა აქვს გაუბრწყინდათ ადამიანებს თვალები შენს დანახვაზე თუ არა, ან თუ როგორ კაცად მიაჩნდი მათ, მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ მსახურება - თუ როგორ ემსახურე სხვას. შენი ბედნიერება არაფერია, მთავარია გარშემო მყოფთა ბედნიერება. თითქოსდა მნიშვნელოვანი სრულიად უმნიშვნელო ხდება და პირიქით. „და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან, და არიან პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან“ (ლუკ 13,30; შდრ. მათ 19, 30; მარკ 10, 31).

იესო გვეუბნება: „იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან“ (ლუკ 13, 24; შდრ. მათ 7, 13-14). „ვიწრო კარი“ არის სიმდიდრეებზე უარის თქმის, თავმდაბლობის, მორჩილებისა და თავდადების გზა. და ამ გზის არჩევა არაა დამოკიდებული ეროვნებაზე ან რელიგიაზე, ეს დამოკიდებულია ადამიანის გულზე. „ვიწრო კარი“ - თავად იესოა. მას არაერთხელ უთქვამს: „მე ვარ კარი“ (იოან 10, 7.9). და კიდევ: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოან 14, 6)

ხსნის ერთადერთი გზა - თავად იესოა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის მისი „საკუთრება“, არამედ ნიშნავს მის მიბაძვას, „ვიწრო კარით“, ანუ მისით გავლას, თავისი სიცოცხლის ბოძებას სხვისთვის, როგორც მან შესწირა სიცოცხლე სიყვარულისთვის. დიახ, კარი ვიწროა, მაგრამ არა მხოლოდ ღმრთის სიყვარულის, არამედ ჩვენივე თავისუფლების გამო. ჩვენი თავისუფლება - ჩვენი არჩევანია, ჩვენი სიყვარული. უსამართლობის ჩამდენი ვერ გაივლის ამ კარს. უსამართლობა მხოლოდ ბოროტმოქმედება როდია, ეს არის სიკეთის არ ქმნა იმათ მიმართ, ვინც უსამართლოდ ჩვენზე ნაკლები მიიღო. თუ მეტი მიიღე - გაუზიარე სხვას... ზოგს ფიზიკური ჯანმრთელობა არ უვარგა, ზოგს დიდი ინტელექტი არ აქვს, ზოგი კი ღარიბ ოჯახში დაიბადა, ზოგმა კი პირიქით, დაბადებიდანვე უსასყიდლოდ მიიღო მრავალი ნიჭი და სიკეთე... ნუ დახარბდები - დაეხმარე, გაუზიარე, სიყვარულით მოეკიდე.

სასუფევლის ნადიმის მონაწილე ვერ გახდები, თუ საკუთარი ცხოვრება არ აქციე დღესასწაულად სხვისთვის, რადგანაც ზეცაში შეგვიძლია მხოლოდ სიკეთით, სიყვარულითა და დიდსულოვნებით ვიცხოვროთ. ერთი პატარა მონათხრობი არსებობს: ადამიანი დროებით შეუშვეს სამოთხეში და ჯოჯოხეთშიც. მან დაინახა, რომ ჯოჯოხეთში, ისევე როგორც სამოთხეში, დიდი ლამაზი სუფრაა გაშლილი, გასაოცარი კერძებით გაწყობილი. ორივეგან ყველაფერი ერთნაირია! ოღონდ ერთმა დეტალმა მისი ყურადღება მიიპყრო - ჯოჯოხეთში დანა-ჩანგალი საზარლად დიდი იყო... წმიდა პეტრემ უთხრა მას: „დიახ, ყველაფერი იგივეა, მაგრამ დაელოდე ზარს.“ გაისმა ზარის ხმა... უცაბედად ჯოჯოხეთში გაჩაღდა ბრძოლა, ყველა ცდილობდა დაეთრია საუკეთესო ლუკმა, ესხმოდნენ ერთმანეთს ამ უზარმაზარი დანებითა და ჩანგლებით... ისევ გაისმა ზარის ხმა, რომელიც მოასწავებდა ნადიმის დამთავრებას - ყველა დარჩა მშიერი, წახდენილი, დასახიჩრებული... სამოთხეში ყველაფერი სხვაგვარადაა: ისმის ზარის ხმა, სტუმრები მოწესრიგებულად სხდებიან, თითოეული იღებს თავის დანა-ჩანგალს და... საკვებს მიართმევს იმას, ვინც მის წინ ზის! ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ყველა დანაყრებულია და ყველას შეუძლია მშვიდობითა და სიხარულით დატოვოს სუფრა.

ჩვენ ისეთები ვიქნებით, როგორებიც აქ გავხდით: ჩვენ საკუთარ თავს ვიქმნით ისეთებად, როგორებიც სამარადისოდ დავრჩებით! სიკვდილის შემდეგ ვერაფერს შევცვლით. იესო გვაფრთხილებს, დახმარებას გვთავაზობს, მას სურს დაგვიხსნას ჩვენ: დროა შევიყვაროთ ერთმანეთი! არც ისე ბევრი დრო დარჩა, რათა ჩვენი სიმდიდრე სხვას გავუზიაროთ! დადგა ჟამი შევევედროთ ქრისტეს, რათა მოგვმადლოს წყალობა, შევევედროთ მას - ერთადერთ მართალს, ერთადერთ მხსნელს, ერთადერთ „ვიწრო კარს“!

„კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ.“

(მათ 25, 23).

„და თუ სხვისას არ უერთგულეთ, თქვენსას ვინ მოგცემთ?“

(ლუკ 16, 12).

მამა პიერ დიმულენი


37 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge