• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 1 სექტემბერი


საკითხევი წმიდა სახარებიდან ლუკას მიერ

14, 1. 7-14

ერთხელ, როცა შევიდა იგი ფარისეველთა რომელიღაც მთავრის სახლში შაბათს პურის საჭმელად და ისინი უთვალთვალებდნენ მას, უთხრა წვეულებს იგავი, როცა შეამჩნია, რომ წინა ადგილებს ირჩევდნენ, და უთხრა მათ: „თუ ვინმემ ქორწილში მიგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული, რომ არ მოვიდეს შენი და მისი მაწვევარი და არ გითხრას: 'დაუთმე ამას ადგილი!' მაშინ შერცხვენილმა უნდა დაიკავო უკანასკნელი ადგილი. მაგრამ როცა მოგიწვევენ, მიდი და დაუჯექი ბოლო ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მაწვევარი და გითხრას: 'მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა!' მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე. ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს — ამაღლდება.“ თავის მაწვევარსაც უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენ ძმებს, ნუც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო, არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.“

განმარტება

იესოს უყვარდა ნადიმები, მათ ძმობის სიმბოლოდ და ღმერთისა და ახალი სამყაროს უწყების ადგილად ირჩევდა. თუმცა, მისი მიწვევა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, იმ ჟესტებისა და სიტყვების რისკთან, რომლებსაც შეეძლოთ თავდაყირა დაეყენებინათ ნადიმი, საგონებელში ჩაეგდოთ პატრონები და მოწვეული სტუმრები.

და აი, ერთ დღესაც, ფარისეველთა ხელმძღვანელთან მიწვეულთ უთხრა იგავი, თუ როგორ ირჩევდნენ პირველ ადგილებს, თუ როგორ ჰგავდა დარბაზში შესვლა კონკურენციის კლიმატში შებიჯებას, და აღნიშნავდა, თუ როგორ ირღვეოდა ნადიმის აზრი შურითა და ბოღმით, რომელიც, ნაცვლად ამისა, თანამოზიარეობა უნდა ყოფილიყო. როდესაც პირველი ადგილებისთვის ბრძოლას უყურებს, იესო საპასუხოდ რეაგირებს, მეტყველი და შემოქმედებითი ჟესტით უძალიანდება ძალაუფლების ამგვარი ძიებას:

“როცა მოგიწვევენ, მიდი და დაჯექი ბოლო ადგილზე”. (ლკ 14,10) მაგრამ არა თავმდაბლობის გამო, არც მოკრძალების გულისთვის, არამედ ძმობის ასაშენებლად, რომ უთხრა სხვას: ჯერ შენ და მერე მე; შენ ჩემზე უფრო მნიშვნელოვანი ხარ; ბოლო ადგილზე მივდივარ არა იმიტომ, რომ არად ვფასობ, არამედ იმიტომ, რომ შენ, ძმას, და შენ, დას, გემსახურო ჯერ და უკეთ. ბოლო ადგილი სასჯელი როდია, ის ღმერთის ადგილია, რომელიც იმისათვის მოვიდა, რომ ემსახუროს და არა იმისათვის, რომ ემსახურონ. იესოს პედაგოგიკა გულისხმობს იმ ნიშნების ჩვენებას, რომლებიც ყველას ესმის, რომლებიც გულს ებაასებიან. ბოლო ადგილზე არა თავმდაბლობის გამო, არამედ იმისათვის, რომ შევცვალოთ, გადავასხვაფეროთ ის ფასეულობები, რომლებსაც ჩვენი თანაცხოვრება ეფუძნება, და რომ საფუძველი მივცეთ დედამიწაზე ცხოვრების სხვა ფორმას.

შემდეგ კი, მას რომ მიმართავს, ვინც მოიწვია, დასძენს: “როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს”. (ლკ 14,12) ეს ის ჩვეულებრივი კავშირებია, გაცემისა და ქონის მარადიულ წონასწორობას, შენი სიკეთეებისა და შენი ჯგუფის ინტერესების დაცვას რომ უზრუნველყოფენ; ეს ის კავშირებია, იმ სამყაროს რომ აერთიანებენ, რომელიც თავს იცავს, რომელიც თანამოზიარეობისა და მიმოცვლის ცოტაოდენ ძუნწ კანონს მიჰყვება, და რომელიც არ ქმნის მონაწილეობას.

მაგრამ შენს იქით არსებობს სხვა სამყარო და ეს შენც გეხება: როდესაც ვახშამს გამართავ, მოიწვიე უპოვარნი, ხეიბარნი, კოჭლნი, ბრმანი. მიიღე ისინი, ვისაც არავინ იღებს, შექმენი იმასთან თანაზიარება, ვინც გარიყულია თანაზიარებისგან, გაეცი სამაგიეროს გარეშე, უანგაროდ მიეცი მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ და ვინც ვერაფერს დააბრუნებენ. იესოს აქვს ოცნება: სამყარო, სადაც არავინაა გარიყული, ქალაქი, რომლის მშენებლობაც პერიფერიებიდან, რიგის ბოლოში მდგომთაგან, იმ ადამიანებიდან იწყება, ხვალინდელი დღის გაურკვევლობაში რომ ცხოვრობენ...

“ნეტარი იქნები, რადგან არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან”. (ლკ 14,14) ნეტარი იქნები, სიხარულსა და სრულ აზრს ჰპოვებ იმგვარად ცხოვრებაში, რომ სულგრძელობით აკეთო საქმეები და არა ინტერესის გამო. ასეთია ცხოვრების კანონი: კარგად რომ იყოს, ადამიანმა უნდა გასცეს, პირველს უნდა უყვარდეს, უანგაროდ, სამაგიეროს გარეშე. ნეტარი იქნები: ვინაიდან ღმერთი სიხარულს უბოძებს მას, ვინც სიყვარულს გასცემს.

მეუფე ჯუზეპე პაზოტო


60 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge