• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 8 სექტემბერი (ღვთისმშობლის შობა)


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

14, 25 – 33

მივიდა მასთან დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა: „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე. ვინც არ ატარებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე. რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო? რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს, და იტყვის: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო. ანდა, რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომის განმზრახველი, ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა ათი ათასით დაუხვდეს ოცი ათას მომხვდურს? თუ არა და, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის იგი, ელჩობას მიუგზავნის, და ზავსა სთხოვს. ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც აბადია, ვერ შეძლებს, ჩემს მოწაფეობას.

განმარტება

დაბადების დღეს გილოცავთ, მარიამ!

ღირსეულ ხარ შენ ქებისა და მასზე აღმატებული. გამუდმებით უნდა განვსაჯოთ, ვიფიქროთ როგორ მოგესალმოთ შესაფერისად ამ დღეს. მთავარანგელოზ გაბრიელის, წმიდა ელისაბედისა და ეკლესიის ტრადიციის თანახმად, მოგმართავთ:

გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ! უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, იესო.

სული წმიდამ შთაგაგონა გეწინასწარმეტყველა: ,,ადიდებს სული ჩემი უფალსა, და იზეიმა სულმა ჩემმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა. ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლად ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი. მისი წყალობა მის მოშიშებს თაობიდან თაობამდე.“

მას შემდეგ ერთგული ქრისტიანები ცდილობდნენ პატივი მიეგოთ და ეამებინათ შენთვის ყოველგვარ გამოვლინებაში - ლოცვაში, პროცესიებში, მომლოცველობისას, ხელოვნებაში, სამლოცველოებისა და ტაძრებისადმი შენი სახელის მიძღვნით.

მრავალი საბაბი გვაქვს შენს მოსალოცად, საქებრად და საამებლად, მარიამ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ღმერთმა ამოგირჩია შენ მარადისობიდან, რათა გამხდარიყავი დედა შენი ძისა და ამისათვის უხვად გაიღო შენთვის: მადლმოსილება, უბიწოდ ჩასახვა, უცოდველობა. შენ ხარ მარადქალწული, აღყვანილი ზეცად, დედა ეკლესიისა, დედუფალი ცისა და მიწისა.

მაგრამ, ვზეიმობთ რა ამ დღეს, კვლავ ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ უკეთ იმისთვის, სიხარული რომ მოგანიჭოთ შენ.

ყველაზე მოსიყვარულე შენს შვილთა მოწმობიდან ვიცით, მოხარული ხარ, როცა ვაცნობიერებთ, რომ შენ ხარ დედა ჩვენი, და რომ ჩვენ შენი შვილები ვართ, შვილები, რომლებიც შენკენ მოილტვიან და იმედი აქვთ შენი წინამძღოლობისა და შემწეობისა. მათ, ამ მოწმეთ, ძალიან კარგად უწყოდნენ, რომ ყველაზე მეტად შენ, დედა, გვიბიძგებ იესოსკენ და გვიცავ ყოველივესგან, რასაც კი შეუძლია ჩამოგვაშოროს უფალს. შენ გსურს, რომ მსხვერპლად შეგეწიროთ როგორც ყრმანი და კიდეც მოგეკრათ ისე, როგორც ყრმა იესო ღვთისმშობლის ხატზე, რათა მარადიული მამის ნამდვილ შვილებად ვიქცეთ. შენი საყვარელი შვილი წმიდა იოანე პავლე II ამის მაგალითს გვაძლევს. მისი დევიზი იყო - TOTUS TUUS. ეს ნიშნავს - სავსებით შენი. მან საკუთარი თავი და მთელი თავისი სიცოცხლე შენს წინამძღოლობასა და მფარველობას მიანდო, რათა სრულიად მიეძღვნა თავი ღმერთისთვის.

დღეს, სასურველი რომ გავხდეთ შენი, გიძღვნით თავს და გევედრებით: წარმართე ჩვენი გონება, ჩვენი ნებისყოფა, ჩვენი მეხსიერება, ჩვენი წარმოდგენა, ჩვენი გრძნობა, ჩვენი ემოცია, ჩვენი განწყობა, ჩვენი ტემპერამენტი და ჩვენი ხასიათი ისე, რომ შენი ერთგული შვილები გავხდეთ.

და ბოლოს, შენი შობის ამ დღეს, დიდი მადლიერებით, სიყვარულით სავსე გულით, გვსურს შენთან ერთად განვადიდოთ ღმერთი და მაცხოვარი ჩვენი იმ მადლისა და წყალობისათვის, რაც მან შენთვის გაიღო.

მადლობას გიძღვნით, დედაო, შენი შეუდარებელი სიკეთისა და დედობრივი სიყვარულისათვის.

მამა მიხეილ სურმავა


47 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge