• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 15 სექტემბერი


საკითხავი წმინდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

15, 1 – 10

ახლოს მიდიოდა მასთან ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას. ფარისეველნი და მწიგნობარნი ბუზღუნებდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო. უთხრა მათ ეს იგავი: „რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის? რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო. თქვენ გეუბნებით, რომ ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ. „ანდა დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინეთ და დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის? როცა იპოვის, დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო. თქვენ გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთად მომნანიებელი ცოდვილის გამო.“

განმარტება

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს იმ დიდ სიხარულის შესახებ, რომელიც ზეცაში იქნება ერთი ცოდვილის გამო, რომელიც მოიქცევა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ვართ მწყემსი და საძოვარზე უამრავი ცხვარი გვყავს გაშვებული. ალბად ძალიან ყურადღებით ვიქნებით, რომ არც ერთი ხცვარი არ გაცილდეს ფარას, არ დაიკარგოს, ან არ გადაიჩეხოს. რათა საღამოთი სახლში მივიყვანოთ იმდენი, რამდენიც დილით ჩაგვაბარეს. ცხვარი როდესაც გაშვებულია საძოვარზე, ის მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს - მოძოვოს და შეჭამოს რაც შეიძლება კარგი და ბევრი საკვები. ამ ძიებაში ის არც კი უყურებს ფარასთან ერთად არის თუ არა. ამიტომ მწყემსის დავალებაც ზუსტად ესაა, რომ ყურადღება მიაქციოს ცხვრებს, რომ საძოვარზე სხვადასხვა მიმართულებით არ გაიფანტნონ. მწყემსი ხშირად ყვირილით მოუწოდებს ცხვრებს. ზოგი უსმენს, ზოგი კი არა. იმ ცხვარს, რომელიც ჯიუტად აგრძელებს სხვა მიმართულებით სვლას და არ უსმენს მწყემსის ხმას, შეიძლება მწყემსის კომბალიც კი მოხვდეს. ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ხშირად ვემსგავსებით იმ ჯიუტ ცხვრებს, რომლებიც არ ვუსმენთ ჩვენს კეთილ მწყემსს - უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის სიცოცხლე გასწირა, სისხლი დაღვარა, რათა ჩვენ გვქონდეს ბედნიერი ცხოვრება. ჩვენი მხრიდან ასეთი საქციელი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით: ხშირად დაკავებულნი ვართ საკუთარი ფიქრებით, ჩვენი შეხედულებისამებრ ცხოვრებისეული გეგმების განხორციელებით, ჩვენი აღზრდიდან გამომდინარე ხშირად კონცენტრირებულნი ვართ ისეთ რამეზე, რის გამოც აღარ გვესმის ღმერთის ხმა, რადგანაც ვცდილობთ ჩვენებურად - ჩვენი საკუთარი წარმოდგენის, ჩვენი ფიქრების ან ჩვენი გეგმების მიხედვით „ცხოვრების აწყობას“. ხშირად არც კი გვაინტერესებს ღმერთის აზრი ან მისი ნება ჩემს ცხოვრებაში, რომელიც შეგვიძლია სხვადასხვა ადამიანების, ეკლესიის მსახურთა მითითებების ან სხვადასხვა ფაქტების მეშვეობით გავიგოთ. ასეთნაირად ჩვენ ძალიან ადვილად შეიძლება დავშორდეთ „ცხვრის ფარას“. სამწუხაროდ ჩვენი ასეთი სვლა ზოგჯერ შეიძლება აღმოჩნდეს სავალალო და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ თურმე უფსკრულში გადავჩეხილვართ და არც კი ვიცით რატომ მოხდა ასე და ასევე ვერ ვხედავთ ამ უფსკრულიდან თავის დაღწევის გზას. მე აღვიზარდე „მწარე კომუნისტური“ იდეოლოგიის პერიოდში, როდესაც გვეუბნეოდნენ, რომ ღმერთი არ არსებობს და თაყვანი უნდა გვეცა კომუნისტური და სოციალისტური იდეოლოგიისათვის, კომუნისტური პარტიისათვის. გვიშლიდნენ ეკლესიაში სიარულს, აღდგომის დღეებში სასაფლაოზე გასვლას, სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას და ა.შ. იმ პერიოდში, რადგანაც ეკლესიები დაკეტილი იყო და მღვდლები არ არსებობდნენ, ადამიანს არ ჰქონდა საშუალება ესწავლა ღმერთის ხმის მოსმენა. აქედან გამომდინარე ადამიანს ღმერთის გარეშე უნდა „აეწყო ცხოვრება“. ამისათვის საჭირო იყო სკოლაში კარგად სწავლა, რათა შემდეგ შეძლებოდა ცხოვრებაში „გზის გაკაფვა“ და საკუთარი გეგმების ცხოვრებაში განხორციელება. იმ დროს და სამწუხაროდ ეხლაც „სამყარო“ იძახის, რომ ადამიანს ბედნიერებისათვის უნდა გააჩნდეს: ბევრი ფული, კარგი სამსახური, ლამაზი მეუღლე, სახლი, კარგი მანქანა და ა.შ. მე შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე ერთ მომენტში შევნიშნე, რომ რაც უფრო მეტი ფული მქონდა მით უფრო უბედურად ვგრძნობდი თავს. ამ დროს მე ვიყავი ასპირანტურის პირველ კურსზე. მქონდა სტიპენდია და ასევე კათედრაზე ვმუშაობდი ნახევარ შტატზე (რა თქმა უნდა ხელფასიც მქონდა). იმ დროს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო ვინმე. მაგრამ მივხვდი რომ უსკრულში ვარ და ვერ ვხვდებოდი რატომ. ვცდილობდი ამოსვლას და ბედნიერებას ვეძებდი უფრო ბევრი ფულის ძიებაში. მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო შედეგისკენ მივყავდი ამ ყველაფერს. ბედნიერების ნაცვლად უფრო იზრდებოდა ჩემი ტანჯვა  და ვფიქრობდი, რომ ამ ტანჯვას ვეღარ გავუძლებდი და რამოდენიმეჯერ მქონდა თვითმკვლელობის ფიქრები.

დღეს შემიძლია მთელი გულით განვაცხადო, რომ ამ მდგომარეობაში ღმერთმა არ დამტოვა, შენიშნა რა ჩემი გზააბნეულობა. როდესაც ვცდილობდი მხოლოდ ჩემი გეგმებით მეცხოვრა, რომელმაც სამწუხაროდ გადამჩეხა უფსკრულში, გულმოწყალე და მოსიყვარულე ღმერთმა მომძებნა როგორც ის ერთი დაკარგული ცხვარი, შემისვა თავის მხრებზე და მომიყვანა თავის „ფარაში“ - ეკლესიაში. მსურს ამ უსაზღვრო გულმოწყალებისათვის ჩემს მიმართ ღმერთს უღრმესი მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ ბევრი ჩვენთაგანი ხშირად გზააბნეულ ცხვრებს ვემსგავსებით, უკმაყოფილონი ვართ, თავს ვგრძნობთ უბედურად, ვცდილობთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას და ვერ ვპოულობთ გასასვლელს. დღევანდელი სახარება კი გამოსავალს გვიჩვენებს. ღმერთი გველოდება, რომ დავბრუნდეთ მასთან - ანუ დავინახოთ და ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები, მოვიქცეთ და შემოვტრიალდეთ უფლისკენ . იგი გველოდება, უფრო მეტიც იგი თვითონ მოდის და ჩვენ - გზააბნეულებს - გვეძებს. როდესაც მოგვნახავს დასახიჩრებულს, დაჭრილს, დასისხლიანებულს მოგვეფერება, აგვიყვანს ხელში, შეგვისვამს საკუთარ მხრებზე და მოგვიყვანს მამის სახლში. ეს რომ გამოვცადოთ ამისათვის საჭიროა პირველ რიგში დავფიქრდეთ და ლოცვის დახმარებით შევეცადოთ დავინახოთ რა შეცდომები დავუშვი, რის გამოც თავს ვგრძნობ ცუდად (იქნებ ჩემი გეგმების განხორციელება მსურს ცხოვრებაში, რაც არ შეესაბამება ღმერთის ნებას?). შემდეგ საჭიროა ვიქონიოთ გამოსწორების, ღმერთისაკენ მოქცევის სურვილი (ეს შეიძლება აღსარების მეშვეობით, ან სასულიერო პირთან საუბრის მეშვეობით განხორციელდეს). ამის შემდეგ კი დაველოდოთ და დავინახავთ იმას, თუ ღმერთი როგორ შეგვისვამს მხრებზე და დაგვაბრუნებს „ფარაში“ (უარვყოთ ჩვენი გეგმები, შევძლოთ სხვისი რჩევის მიხედვით და არა ჩემი ნება-სურვილის მიხედვით გავაგრძელო ცხოვრება). ღმერთმა იცის რატომ ვართ გზააბნეულები და დასახიჩრებულნი, რომ ხშირად ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ჩვენს შეცდომებს, ისე როგორც წმ. პავლე ამბობს თავის შესახებ, როდესაც დევნიდა ეკლესიას: „მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცრებით და ურწმუნოებით ვაკეთებდი“ (1 ტიმ 1, 13). ამიტომაც ძვირფასო მკითხველო დღევანდელი სამახარობლოც იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ და თანაც ძალიან. ამიტომაა რომ იგი გამუდმებით გვეძებს. თუ ჩვენ მას დავნებდებით და გავაკეთებთ ისე, როგორც მას სურს პირველ რიგში ჩვენ ვიქნებით ბედნიერნი და ასევე ზეცაში იქნება დიდი სიხარული.

მამა ზურაბ კაკაჩიშვილი


46 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge