• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 22 სექტემბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკასაგან

16, 1 – 13

უთხრა თავის მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა. დაიბარა და უთხრა: 'ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამნეოს ანგარიში, ვინაიდან ვეღარ იქნები მნე.' მნემ თქვა თავისთვის: 'როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს სამნეოს. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ.' დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე პირველს უთხრა: 'რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?' მან თქვა: 'ასი საწყაული ზეთი.' უთხრა მას: 'მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე — ორმოცდაათი.' მერე სხვას უთხრა: 'შენ რამდენი გმართებს?' მან თქვა: 'ასი კოდი ხორბალი.' მან უთხრა: ' მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე — ოთხმოცი.' შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში. და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში. მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა. ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ? და თუ სხვისას არ უერთგულებთ, თქვენსას ვინ მოგცემთ? არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლეთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“

განმარტება

„არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონის ემსახუროს“ (ლუკა 16, 13) გაგიგიათ ანეგდოტი მომაკვდავ ადამიანზე, რომელმაც ლატარიაში უზარმაზარი თანხა მოიგო? ვინაიდან ოჯახს ეშინოდა, რომ მისი გული მოგებით გამოწვეულ სიხარულს ვერ გაუძლებდა, ამიტომ ამ ამბის შეტყობინება სთხოვეს წინამძღვარს. როდესაც მან უთხრა მომაკვდავს, ათი მილიონი მოიგეთ ლატარიაშიო, კაცმა მიუგო: „შესანიშნავია. ხუთ მილიონს ახლავე შევწირავ ეკლესიას“. ამის გამგონე მღვდელი იმდენად გაოგნდა, რომ იმ წამსვე გულის შეტევით წაიქცა. ეს სახუმარო ისტორია ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდ ემოციებს იწვევს ჩვენში ფული. დღევანდელი საკითხავი სახარებიდან ჩვენს წინაშე სვავს კითხვას: „როგორია შენი დამოკიდებულება ფულის მიმართ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება რამდენიმე მოსაზრება: პირველ რიგში, ფულის ფლობა არ არის ცოდვა. ფულის სიყვარულია ის, რაც ღმერთს გვაშორებს. იესოს სურს პირველ ადგილს იკავებდეს ჩვენს ცხოვრებაში, ფულზე და იმ ყველაფერზე დიდ ადგილს რასაც ვფლობთ. ეს ფაქტი კარგად გამოხატა წმ. ავგუსტინემ თავის სიტყვებში: „თუ ღმერთი ცხოვრებაში პირველ ადგილზეა, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზეა“.

მეორეც, იესოს სურს რომ ჭკვიანურად განვკარგავდეთ ქონებას, სურს ვიყოთ გონიერები, მოელის ჩვენგან პასუხისმგებლობას და პატიოსნებას, არ სურს, სიძუნწემ შეგვიპყროს. საჭიროა კეთილგონივრულად განვკარგავდეთ ჩვენს შემოსავლებს, ჭკვიანურად ჩავდოთ ინვესტიციები და გავუზიაროთ სხვებს ჩვენი ქონება. შოთა რუსთაველი ამბობდა: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. ბიბლიაში ზოგიერთ ადგილას ნათქვამია, რომ მივცეთ ღმერთს ჩვენი ქონების მეათედი ნაწილი. ბევრმა თანამედროვე ადამიანმაც თავის ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოსცადა, რომ ეს ჭეშმარიტებაა. ჩემთვის ეს არის რწმენის მტკიცებულება საქმით, და არა მარტო სიტყვებით. ეს ადამიანები სრულიად ენდობიან ღმერთს.

მესამე: ეკლესიის მხარდაჭერა და უპოვართა დახმარება ჩვენი ქონებით განკარგვის არსებით ელემენტს უნდა შეადგენდეს, მაშინაც კი, თუ ამაზე დიდი თანხის გამოყოფა არ შეგვიძლია. წმინდა წერილში ნათქვამია: „ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული“ (იგავის წიგნიდან 21, 13).

დასასრულს გავიხსენოთ, რომ ჩვენი ფული ჩვენ არ გვეკუთვნის, არამედ ღმერთს. სიკვდილის ჟამს ქონებას თან ვერ წავიღებთ ან შვილებს დავუტოვებთ, ანდაც საქველმოქმედო ორგანიზაციებს. ხოლო ჩვენთვის ეს ქონება უკვე სრულიად უსარგებლო იქნება. გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ის თუ რამდენად გამოვიყენეთ ჩვენი ქონება სხვათა დასახმარებლად: ოჯახის, ეკლესიის, უპოვრების დასახმარებლად.

გავიხსენოთ კამილიელთა დამაარსებელის, წმ. კამილოს სიტყვები: "რასაც ჩვენს სიცოცხლეში უპოვრებს ჩავუდებთ ხელში, იმას სიკვდილის შემდეგ ქრისტეს ხელებში ვიხილავთ". ფული რთული თემაა და ბევრი ემოციების გამომწვევი, ამიტომ ვევედროთ სულიწმინდას გვასწავლოს მათი სწორად განკარგვა. „იესო, მასწავლე კეთილგონივრულად განვკარგავდე ჩემს ქონებას“.

მამა ზიგმუნტ ნიეჯვიეჯი


30 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge