• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 6 ოქტომბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

17, 5-10

იმ დროს უთხრეს მოციქულებმა უფალს: „მოგვიმატე რწმენა.“ თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ. რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს — მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას ნუთუ ეტყვის: წადი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო? განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო? ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისათვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია. ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უბრალო მონები ვართ, რადგან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.“

განმარტება როდესაც იესო თავის მოწაფეებს და ხალხის იმ ბრბოს მოძღვრავდა, ვინც მას იერუსალიმის გზაზე მისდევდა, განუხრელად საუბრობდა იმ მძიმე მოთხოვნებზე, რასაც მისი მიმდევრობა გულისხმობს. დღეს უკვე აღარ საუბრობენ სახარების მოთხოვნებზე, ანუ მიტევებაზე და შესასრულებელ მოვალეობებზე, მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობენ პირობებზე, რაც მას რეალობად აქცევს და ფორმებზე, რაც თან უნდა ახლდეს. ეს არის ორი რამ: რწმენა და თავმდაბლობა. რწმენა საჭიროა იმისათვის, რომ იესოს მიმდევრობის გაბედულება გვქონდეს და თუ ღმერთი ამ გაბედულებას განიჭებს, ამით ნუ იკვეხნი. მეექვსე მუხლის მიხედვით, მოთხოვნა: „უფალო გვიმრავლე რწმენა“, თითქოს უფალი იმ მადლის რაოდენობას ზრდის, რაც უზრუნველყოფს მოციქულთა საქმეების შედეგებს. პასუხი თითქოს გვეუბნება, რომ მთავარი რაოდენობა კი არაა, არამედ რწმენის ავთენტიურობა. ღვთიური შეწევნის იმედი და თავად ღვთიური შეწევნა, როცა ხდება, წარმოუდგენლად რთულ საქმეებს ასხამენ ხორცს. აქ საუბარი არ ეხება მცირედს თუ მეტს, არამედ ავთენტიურ თუ ყალბ რწმენას. ავთენტიური რწმენა ღმერთზეა დაყრდნობილი და ეჭვი არ შეაქვს მის შეწევნაში, ყალბი კი საკუთარ მე-ს ეყრდნობა და შიშობს, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებს: ამიტომაც, ღმერთს მიმართავს დამატებითი ძალების სათხოვნელად. სიტყვა “გამრავლება“ შეიძლება ასეც ითარგმნოს - „შეგვათანხმე“ რწმენას. ცოტა უცნაურიც კია რწმენის გამრავლებაზე საუბარი. შემდეგ უფალი ამბობს: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ“. მეცხრე მუხლი შეიძლება დავუკავშიროთ მათეს მეცამეტე თავის, ოცდამეთერთმეტე (31-ე) მუხლს და მას, რასაც უფალი ცათა სასუფეველზე ამბობს: (ცათა სასუფეველი შეიძლება მდოგვის მარცვალს შევადაროთ. (...) იგი ყველაზე მცირე თესლია, მაგრამ როცა გაიზრდება დიდ ნაყოფს ისხამს...). მდგოვის მარცვალში ჩვენს რწმენას იგივე მოცულობა აქვს, რაც ღვთის სამეფოს. მდოგვის მარცვლის მოცულობა არ არის მოცულობის მინიმალური მოთხოვნა, პირიქით, ეს მოცულობის მაქსიმალური მოთხოვნაა. ამ ტექსტში დიდი იმედი გამოსჭვივის: სახარება სხვა მიმართულებას ირჩევს. მცირედი მოცულობა, რაშიც ეკლესია ცხოვრობს, სინამდვილეში ის აუცილებელი მოცულობაა, რასაც სახარება ითხოვს ჩვენგან. რწმენა, რასაც არაფერი აქვს საერთო შემგუებელი აზრების გროვასთან, ის რეალობაა, რაც არ უშინდება კითხვების დასმას, არც სხვისგან იღებს კითხვებს უღირსად, უფრო მეტიც, ამას ითხოვს კიდეც. სწორედ რწმენით იცვლის სახეს თავისუფლებისა და სიყვარულის საქმეებში, რომელიც მთლიანად მოიცავს პიროვნებას, ვინაიდან ქრისტეა მისი რჩეული- მისი არსებობის საბოლოო მიზანი. რწმენა - ეს არის მადლიერი მინდობა ქრისტეზე, ჩვენს არსებობაში მისთვის სივრცის გამოყოფა. რწმენა ეს არის მორწმუნე სუბიექტის პროგრესული (და მუდმივად ნაწილობრივი) ასიმილაცია სარწმუნო სუბიექტის (იესო ქრისტეს) მიმართ. რწმენას თავისთავად ახასიათებს საპასექო დინამიკა: ჩვენში ხორცი ესხმება უფლის სიკვდილსა და აღდგომას. რწმენის დიდი საფრთხე ალბათ სიყვარულის რწმენაშია (1იოან. 4, 16); ქრისტიანული რწმენა, ფესვებშივე, იმას მოიაზრებს, რომ უნდა ვირწმუნოთ ღვთის სიყვარული. ღვთის სიყვარულის რწმენა დიდი რისკია, ვინაიდან ჩვენ ვეხებით ამ სიყვარულის არაცხადობას. რწმენა ეს ნიშნავს ირწმუნო პარადოქსი - ის, რომ ჯვარცმული, ხეზე დაკიდებული, წმიდა რჯულის მიერ გმობილი, მონა - ეს არის მესია, წუთისოფლის მხსნელი, ღვთის სიბრძნისა და ძალის პირდაპირი გამოცხადება. რწმენის პარადოქსი (გჯეროდეს დაუჯერებელი) არის ქრისტიანული სიყვარულის პარადოქსი (შეიყვარო შეუყვარებელი, მტერი) და იმედის პარადოქსი ( იმედოვნებდე უიმედოს). რწმენა - ეს გაბედულებაა: რწმენის საპირისპირო არის არა ათეიზმი, არამედ შიში და დამონება, რასაც შიში განაპირობებს. ღვთის სიტყვის მოსმენით რწმენა ქრისტეს ცხოვრებაში იჭრება და იძლევა გაბედულებას, რომ დავამოწმოთ, გავმტკიცდეთ და მოვკვდეთ. სიკვდილის წინაშე რწმენით გვეძლევა უნარი იმის დამოწმებისა, რომ ცოცხალი ღვთის სამეფო სიკვდილის სამეფოზე ძლიერია, რომ ღვთის სიტყვა სიკვდილის მდუმარებაზე ძლიერია, რომ ღვთის სიყვარული სიკვდილის უზენაესობაზე ძლიერია. მნიშვნელოვანია პასუხი, რაც იესომ მოციქულებს გასცა ამ თხოვნაზე: „გვიმრავლე რწმენა“. აქ აქცენტი არა რწმენის რაოდენობაზეა, არამედ მის მოცულობაზე, ვისაც რწმენა გააჩნია. არ საუბრობენ ცოტა რწმენაზე, არამედ იმაზე, რომ მცირედის რწმენა აქვს, ისეთის, როგორც მდოგვის მარცვალია. მცირედს აქვს რწმენა. არ ხდება ამის მტკიცება: რწმენა რომ გქონოდეთ თუთის ხეებს აღმოფხვრიდით. აქცენტი აქ მდოგვის მარცვალზეა: თუ გაქვთ რწმენა (ზმნა ამწყოშია, ანუ რეალობას მიანიშნებს) ძალიან მცირედიც, მაშინ შეძლებთ ლეღვის ხეების აღმოფხვრას. ამიტომაც არის ეს ასე რთული მათთვის, ვინც დიდად მიიჩნევს თავს ან ცდილობს ასეთად წარმოჩნდეს. უფალმა მოგვიხმო, რომ მცირედთა რწმენა გვქონდეს, მათი რწმენა, ვისაც სხვა არა ძალუძს, თუ არა ქრისტეში ნდობა. სხვაზე არაფერზე არ უნდა გვქონდეს გათვლა: მხოლოდ მასზე. მაშ, ვინ არიან ქრისტიანები? ისინი, ვინც ზეციერი მამის წინაშე მდოგვის მარცვლის მსგავსად არიან. შემდგომი იგავი ამ მოსაზრებას ამტკიცებს, რამდენადაც ნათლად აჩვენებს მონის სიპატარავეს თავის პატრონთან მიმართებაში. მხოლოდ მცირედთა რწმენას შეუძლია იყოს მიმნდობი და მორჩილი მასზე, ვინც უფრო დიდია; მხოლოდ მცირედთა რწმენით შევძლებთ იმ პატრონის უსარგებლო მონებად შევიცნოთ თავი, ვისაც ცხოვრება უნდა შევწიროთ. ამისგან განსხვავებული რწმენა მხოლოდ თვითკმაყოფილება იქნებოდა ღვთის წინაშე, იმაზე ფიქრი, რომ ღვთის წინაშე სხვა რამეზე შეგვიძლია გათვლა გავაკეთოთ: ანუ ჩვენს რწმენაზე. რწმენა ნიშნავს ღვთის მიმართ მზაობას, მისი სიტყვის ისე სიღრმისეულად შეცნობას, რაც შეგვცვლის, მისი ნების წინაშე „გამჭვირვალობას“. ანუ ის, ვისაც სჯერა, არანაირ დაბრკოლებას არ უქმნის ღმერთის ქმედებას, არ ახვევს მას ბურუსში და გასასვლელს აძლევს. რწმენა ყოველთვის და მხოლოდ ჩვენი მეშვეობით აძლევს გზას ღვთის ნაბიჯებს; არ აიძულებს ღმერთს ჩვენი სურვილებით იმოქმედოს, პირიქით, ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მისი სურვილისამებრ მოვიქცეთ. ეს კარგად სჩანს მსახურის პატარა ანალოგიით, ვინც მომქანცველი დღის შემდეგ მინდვრებიდან სახლში ბრუნდება. ნუთუ საღამოს, მთელი დღის მსახურების შემდეგ, იგი პატრონი გახდება? არა; იგი ისევ და ისევ მსახურად რჩება. შეიძლება დამამცირებლად გვეჩვენოს ღმერთთან ამგვარი ურთიერთობის წარმოდგენა; მაგრამ სწორედ ეს ურთიერთობა ათავისუფლებს. თუკი არ ვიმსახურებთ, თუკი უქმად დავრჩებით ღვთის ხსნის მოლოდინში, ჩენი ცხოვრება საცოდავი და უგემური იქნება... არადა, შეგვიძლია და უნდა ვიმუშაოთ კიდეც, მაგრამ იმ ადამიანის თავისუფლებით, ვისაც შეგნებული აქვს, რომ მისი სამუშაო დაფასებული და მიღებულია ღვთისაგან, მისგან, ვინც მასზე აღმატებულია, დიდია. ის, რომ ჩვენს სამუშოს „უსარგებლოდ“ მოიხსენიებენ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ არანაირი პრეტენზია არ უნდა გვქონდეს მასზე; რომ ღმერთთან ვერ შევათანხმებთ მის პასუხს ჩვენს მოვალეობაზე. რწმენა ეს არის გზა, რომელიც გვასწავლის ღმრთის წინაშე სწორად მსახურებას. ვინც მას იყენებს, ღმერთს ნებას აძლევს, რომ მისი მეშვეობით იმოქმედოს და ამიტომაც ხდება ღვთის ხსნის იარაღი. და ვინაიდან ღმერთს ჩვენი ხსნა სურს, მას, ვისაც რწმენა გააჩნია, თავისი საქმეებით ამ სამყაროში ხსნის ძალა შემოაქვს. დასასრულს, რაკი რწმენაზე ვსაუბრობთ, იქნებ გვეცადა და „მდოგვის მარცვალი“ შეგვეცვალა იესოს სახელით, ხოლო „მონაზე რომელიც მინდვრებიდან ბრუნდება“ იესო სახელი გვეწოდა? განა ის არ არის მდოგვის მარცვალი, რომელიც მსოფლიოში მრავლდება? განა ის არ არის მსახური, რომელიც მუდმივად გვიმზადებს საჭმელს, ახალ საკერებელს გვიდებს ტანსაცმელზე, ვინც გვემსახურება? იესოს მსახურება მსახურების ის ფორმაა, რომელიც არაფერს გვაიძულებს, ეს მსახურება გვათავისუფლებს და ჩვენს რწმენას ქომაგობს. ხოლო თუ გვაცბუნებს დღევანდელი ტექსტის ბოლოს მოსმენილი სიტყვა „უსარგებლო“, გავიხსენოთ რამდენჯერ შეუფასებიათ ჩვენთვის და კაცობრიობისთვის იესოს გაწეული მსახურება „უსარგებლოდ“! იესოს მიმდევარში არაფერია დასაქადი, აქ არ იქადიან დამსახურებებს. ის რაც უფლისთვის კეთდება, უანგაროდ და კეთილად, სიყვარულით და თავისუფლებაში სრულდება, და არა რაიმეს მისაღებად.... უკვე თავისთავად უდიდესი ნიჭია რწმენის შენარჩუნება და უფლის ვენახში მსახურება! მამა გაბრიელე ბრაგანტინი


37 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge