• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 13 ოქტომბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

17, 11-19

ერთხელ იერუსალიმს მიმავალმა უფალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა. ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ. ხმა აღამაღლეს და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!“ ისინი რომ დაინახა, უთხრა: „წადით, ეჩვენეთ მღვდლებს.“ როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ. ერთი მათგანი, რომ დაინახა განვიკურნეო, მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს. პირქვე დაემხო მის ფერხთით და მადლი შესწირა. ის კაცი სამარიელი იყო. მიუგო იესომ და თქვა: „ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრა სადღა არის? როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“ უთხრა მას: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა.“

განმარტება

ძვირფასნო! როგორც ვიცით ცოდვა, ძველ აღთქმაში განსაზღვრულია, როგორც ღვთისმიერი წყევლა და სასჯელი, ხოლო განსაკუთრებით კი - კეთრი. რა დაავადებაა იგი? ის კანისა და კუნთოვანი საფარის ძლიერი კოროზიაა, როდესაც ადამიანს ჩვეული მგრძნობელობა ეკარგება. სახელდობრ, ტემპერატურაზე, გაჭრაზე ანდა სხეულის რაიმესახის დაზიანებაზე. ეს მგრძნობელობა გადატანითი მნიშვნელობით აისახება ადამიანის ცხოვრებაზე, სადაც ადამიანი კარგავს მორალურ მგრძნობელობას და ცხოვრობს საკუთარი გზითა და არჩევნით, რომელიც ღვთის ჩანაფიქრისაგან ძალიან შორსაა. ეს იყო პირველი მახასიათებელი ხსენებული სენისა, ხოლო მეორე კი არის - გარიყულობა. იგი მოწყვეტილია, რადგან მისი არჩევანი რადიკალურად სცილდება ქრისტესმიერ არჩევანს, ამიტომ კეთრი სიკვდილის სიმბოლოა, ახლოსაა მასთან. თუმცა, ჩამოყალიბებული საერთო მოსაზრებისგან განსხვავებით, რომელიც სუფევდა იმ პერიოდში და რომლითაც ეტიკეტირებულნი იყვნენ კეთროვანნი, საინტერესოა თუ რას ფიქრობდა თავად იესო?! მახარობლების მიერ გადმოცემული ქრისტესმიერი სასწაული და ნიშნები, არასოდეს არაა ქრონოლოგიურ კონტექსტში, არამედ იგავის ხასიათის მატარებელია. ანუ გვასწავლის, მიგვანიშნებს, გვმოძღვრავს საკუთარი ცხოვრებისათვის. ამ შემთხვევაში კი, მითითება ეხება იმ ცოდვილი ადამიანის შეხვედრას ქრისტესთან და აღნიშნავს მის შედეგს, რაც მას მოყვება. სახარების ეპიზოდში ნახსენები იყო სოფელი, სადაც იესო შედის და ხვდება ამ კეთროვნებს, ცოტა არ იყოს უცნაური იქნებოდა კეთროვნების სოფლად ნახვა, რადგან ისინ ხომ დასახლების მიღმა ცხოვრობდნენ. თუმცა აქ სოფელი ბიბლიურ ენაზე საინტერესო აზრის მატარებელია: სოფელი წარმოადგენს ტრადიციას ანუ ძველ სამყაროს, საიდანაც იესოს გამოჰყავს ადამიანი/ები. თუ გავიხსენებთ ბეთსაიდელი ბრმის (მარკ. 8, 22-26) განკურნებას, იესოს იგი გამოყავს სოფლიდან და კურნავს, ეუბნენა „ნუ დაბრუნდები სოფელში“, უცნაური იქნებოდა ეს, რადგან მას ხომ იქ ააქვს სახლი. იესო კი მიანიშნებს, ნუ დაუბრუნდება სიბრმავეს და იმ აზროვნებას, ე.ი. უწინდელ მდგომარეობას. ამიტომ, ეს კეთროვნებიც ჯერ სოფლად არიან, მერე კი გადიან მისგან. თან მათი რიცხვი 10, რაც სისრულის, ტოტალურობის ნიშანია, ანუ მათში წამოდგენილია მთელი კაცობრიობა, რომელიც ცოდვის სენითაა დაავადებული და ელის ქრისტესთან შეხვედრასა და განკურნებას. მაშასადამე, ყოველმა უნდა წარმოვიდგინოთ თავი „კეთროვნად“ და გავაცნობიეროთ რომ ვსაჭიროებთ ქრისტესთან შეხვედრასა და საკუთარი სიღატაკის წარდგენას, წყალობის გამოსათხოვად. სწორედ ეს კეთრონები განკურნებას კი არ ითხოვენ, არამდეგ წარსდგებიან უფლის წინაშე და ამბობენ - „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!“ ბოლოს კი ბრუნდება ერთი და ისიც, უცხოტომელი, რათა მადლი შესწიროს. მადლიერებაში გამოიხატება იმ დიადი ვინმეს (ღვთის) განდიდება, ვინც ყველაფრის ავტორი და პირველწყაროა. სწორედ ყოველგვარი ლოცვის საფუძველი მადლიერებით ღვთის განდიდებაა. რაც ასევე გამოიხატება თავად საიდუმლოთა საიდუმლოში - ევქარისტიაში. ძვირფასნო! დაე, ჩვენი ცხოვრება ყოფილიყოს უფლის დიდებისმეტყველება მუდმივი მადლიერების გამოხატვაში.

ბედნიერი უფლის დღის სურვებით - მამა პაატა ქომოშვილი!


48 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge