• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 17 ნოემბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

21, 5-19

როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულობებით არისო დამშვენებული, იესომ თქვა: „დადგება დღეები, როცა მათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიშალოს.“ ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხებოდნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?“ მან თქვა: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეცდეთ, ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ. როცა მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული.“ მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო — სამეფოს წინააღმდეგ. იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან. ამის უწონარეს ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო. ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად. ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რით იმართლოთ თავი, ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი. ასევე გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

განმარტება

ხშირად გვგონია, რომ ის, რაც გარეგნულად ლამაზია, საერთოდ საოცრებაა. ასე იყო დღევანდელ სახარებაშიც. მსჯელობდნენ, როგორი ლამაზი ტაძარი აქვთ, მაგრამ იესომ ძალიან მკაცრად უთხრა, „ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიქცესო“. რატომ თქვა ასე? რატომ არ უხაროდა, რომ ტაძარი ნამდვილად ლამაზი იყო და იქ სიამოვნებით ლოცულობდნენ? იესომ დაინახა, რომ ამ ადამიანების გულებში მხოლოდ გარეგნული მხარე იყო მნიშვნელოვანი. მას არ უნდოდა აღფრთოვანებულიყო იმით, რაც მხოლოდ გარედან ჩანს, სიღრმისეული გაცნობის გარეშე. ხშირად ჩვენც ასე ვხედავთ და ვმსჯელობთ. ვფიქრობთ, რადგან მორწმუნე, კეთილი ადამიანები ვართ, არაფერი ცუდი არ უნდა მოგვივიდეს. და თუ რამე მაინც მოხდება, გვგონია, რომ ეს ღვთისგან დასჯაა. ხშირად ვადანაშაულებთ ღმერთს, რომ რაღაც ცუდი გაგვიკეთა, ან საერთოდ არ გააკეთა ისე, როგორც ჩვენ ვთხოვდით. დღეს იესო გვეუბნება, რომ მოვა დრო, როცა იქნება არეულობა, მოხდება მიწისძვრები, დაიწყება შიმშილობა, დევნა და სხვა უბედურებები. და რომ ეს მისი ბრალი არ არის. უბრალოდ, ასე იქნება. ზოგჯერ ეს უკვე ხდება ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მომენტში. მაგრამ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ასე მოხდება, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი მიდგომა მის მიმართ. პირველ რიგში, ეს ჩვენთვის შესაძლებლობა იქნება დავამოწმოთ ჩვენი რწმენა, ამაში კი ღმერთი თვითონ დაგვეხმარება. ის გვეუბნება დღეს: „მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს“. ზუსტად იცის, რა გვჭირდება ყველაზე მეტად და მას გვაძლევს. გვეუბნება, „ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდანო“, ანუ იზრუნებს მაქსიმალურად, რომ ძალა გვქონდეს. მაგრამ მისი სურვილია ჩვენ თვითონ ვიბრძოლოთ, ამიტომ გვეუბნება კიდეც - „მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული“ . ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მიდგომა რთული მგომარეობის დროს, იგი ჩვენს რწმენას ეფუძნება. ომის დროს ჩანს, ცუდი ადამიანები და წმიდანები. ავადმყოფობის დროს ვიღაც ლანძღავს ღმერთს, სხვა კი პოულობს უფრო ღრმა ტანჯვის მნიშვნელობას. ფინანსური კრიზისის დროს, ვიღაც ღმერთზე ბრაზდება, მეორე კი ხელახლა სიცოცხლისა და სიყვარულის ღრმა აზრს აღმოაჩენს. მთავარია ჩემი კავშირი ღმერთთან, ჩემი ნდობა, რომ ის არის ჩემს გვერდზე და რომ ყოველთვის მამხნევებს. ჩემი ცხოვრების ყოველი მომენტი შეიძლება ჩემთვის გახდეს ახალი ცხოვრების დასაწყისი, დალოცვის მიზეზი და ჩემი რწმენის დამოწმების შესაძლებობა. საქმე შენს ხელშია.

მამა დარიუშ კომადოვსკი


30 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge