• Akaki Chelidze

სახარების განმარტება 24 ნოემბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

23, 35-43

ჯვრის წინ, იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთის რჩეული.“ ასევე ჯარისკაცებიც დასცინოდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან, ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.“ მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი: „ეს არის იუდეველეთა მეფე.“ ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც.“ მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია.“ და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ.“ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“

განმარტება

სასუფეველი ჩემთვის!

ლიტურგიური წლის უკანასკნელი კვირადღე... ვუჭვრეტთ იესოს, სამყაროს მეფეს. მაგრამ რომელ მეფეს? სახარება წარმოგვიდგენს სცენას, რომელიც გვეხება და პასუხს გვაძლევს!

“თუ ქრისტე ხარ, იხსენი საკუთარი თავი!”, სამღვდელონი შოკირებულები არიან: ნუთუ ღმერთი ისაა, ვინც უშვებს, რომ მოკვდეს მისი მესია?

შოკირებულები არიან ჯარისკაცები, ძლიერი ადამიანები, რომლებმაც იციან ბრძოლა: თუ მეფე ხარ, გამოიყენე ძალა! იხსენი საკუთარი თავი. იქნებ არსებობს რაღაც, რაც სიცოცხლეზე უფრო ძვირფასია? სახარების ეს მომენტი გვეუბნება, რომ ‘კი’, რაღაც მეტად ძვირფასია, სიყვარული მეტად ძვირფასია, ვიდრე სიცოცხლე!!! და ჩანს მეფე, რომელიც კვდება და მაინც ჯიუტად უყვარს; სიკვდილმისჯილი, მაგრამ არა დამარცხებული; მეფე, რომელიც შეიძლება უარვყოთ, მაგრამ რომელიც ჩვენ არასდროს უარგვყოფს. ხოლო აღდგომა არის განცხადება იმისა, რომ ასეთი სიყვარული არასდროს დაიკარგება.

ჯვარზე დაკიდებული ბოროტმოქმედი ქრისტეს სთხოვს, რომ არ დაივიწყოს იგი, ქრისტეს კი თავისთან მიჰყავს. ამ დამნაშავეში იგი ხედავს ყველა ჩვენგანს და ბოროტმოქმედში განწმედს ყოველი პიროვნების ღირსებას. დაცემული ადამიანი, თავისი უმდაბლესი საზღვრით, მუდამ საყვარელია ღმერთისთვის. სწორედაც, ღმერთის ჩვევაა, რომ არასაყვარელიც კი უყვარდეს. მას არ აქვს დამსახურებები ქურდის საქებრად. მაგრამ ღმერთი არ უცქერს ცოდვას ან დამსახურებას, მისი მზერა ტანჯვასა და გაჭირვებაზეა მიმართული, როგორც მამა ან დედა უცქერს მხოლოდ საკუთარი შვილის ტკივილსა და საჭიროებებს. “გამიხსენე, როდესაც შენს სასუფეველში შეხვალ”. ხოლო იესო არა მარტო იხსენებს, არამედ გაცილებით მეტს აკეთებს: თავისთან მიჰყავს იგი, თავის მხრებზე შემოისვამს, ვითარცა მწყემსი - დაკარგულ ცხვარს, სახლში მიჰყავს იგი: ჩემთან ერთად იქნები! და მაშინ, როდესაც ჩვენი ისტორიის ლოგიკა წინ მიიწევს გამორიცხვებით, განყოფებით, უარყოფებით, ღმრთის სასუფეველი არის ახალი მიწა, რომელიც წინ მიდის ჩართულობებით, მიღებებით, თანხმობით.

“გამიხსენე”, ევედრება ცოდვილი, “ჩემთან ერთად იქნები”, პასუხობს სიყვარული.

ჯვარზე ქრისტეს უკანასკნელი სიტყვები სამი საჩუქარია, იმპერატორის სამი ბრძანებაა: “დღეს-ჩემთან-სამოთხე”.

“დღეს”: ამჟამად, ახლავე; აი, სიყვარული, რომელიც მუდამ ჩქარობს.

“ჩემთან”: მაშინ, როდესაც ჩვენი კონფლიქტების ისტორია კედლებს, საზღვრებსა და უარყოფებს აშენებს, ღმრთის სასუფეველი თანაზიარებებსა და მიღებებში აღმოცენდება.

“სამოთხეში”: ამ უსაზღვრო და ნეტარ ადგილას, რომლის საზღვრებიც მხოლოდ სიყვარული და სინათლეა!

და თუ პირველი, სამოთხეში რომ შედის, არის ეს ადამიანი არასწორი ცხოვრებიდან, მაშინ არაფერი და არავინაა საბოლოოდ დაკარგული, არავინაა უიმედოდ. ჯვარცმული მეფის მკლავები გაშლილი დარჩება სამუდამოდ, ყველა იმათთვის, ვინც შეიცნობენ იესოს, როგორც სიყვარულისა და ტკივილის მეგობარს, როგორიც არ უნდა იყოს მათი წარსული: სწორედ ესაა იესო ქრისტეს კეთილი უწყება. ესაა ღმრთის სასუფეველი. გვინდა ეს სასუფეველი?

მეუფე ჯუზეპე პაზოტო


39 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge