• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - ადვენტის I კვირა


საკითხავი წმიდა სახარებიდან მათეს მიხედვით

24, 37-44

ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოხდა და ყველა არ წალეკა, — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.

განმარტება

ძვირფასნო! დავიწყეთ ახალი ლიტურგიული წელიწადი, რომელიც ჩვეულებისამებრ ადვენტის ჟამით იწყება. ამ კვირადღის სახარება კარგად გვაუწყებს, თუ როგორ უნდა შევუდგეთ ამ ჟამს და თუ როგორ უნდა მოვიქცეთ.

სახარებაში 3-ჯერ მეორდება „კაცის ძის მოსვლის“ უწყება, და სწორედ ეს გახლავთ ამ ტექსტის გასაღები. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ცხადია ამ ფრაზის გამეორება არა მხოლოდ დღევანდელ სახარებას ახასიათებს, არამედ თავად იესო ძალზე ხშირად იყენებდა, თითქოს ‘პირზე ეკერა’. ეს მოსვლა განსაკუთრებით ნაუწყებია დანიელ წინასწარმეტყველის წიგნის მე-7 თავში. სადაც დანიელის ხილვაში 4 მხეცია წარმოდგენილი, რომელნიც განასახიერებენ 4 სამეფოს: ლომი - ბაბილონის იმპერია; დათვი - სპარსეთის იმპერია; ავაზა - მაკედონიის იმპერია; საშინელი მხეცი - რომის იმპერია; ხოლო შემდეგ ლაპარაკია კაცის ძის მოსვლაზე, რომელიც ღრუბლებით მოვა. ცხადია ეს მინიშნებანი სიმბოლურია, მაგრამ რეალური გახლავთ. ე.ი. იმ სამეფოებში სუფევდა ძალადაობა, მტაცებლობა, ჩაგვრა და სხვა ამდაგვარნი (რაც მხეცის ბუნებაზე მეტყველებს). ხოლო შემდეგ მოდის კაცის ძე, ე.ი. მოდის უკვე ადამიანი და ყოველივე ადამიანური (ანუ ადამიანური ადამიანობა). სწორედ ეს ადამიანური ადამიანი - იესოა! მას პილატე ტყუილად არ წარადგენს - „აჰა კაცი“ (ადამიანი), და სწორედაც ამ ადამიანობის გამო იქნება ბევრისა და საზოგადოების მიერ უგულვებელყოფილი და ჯვარცმული. ისმის მორიგი კითხვა: მაშ, ვინაა ნამდვილი ადამიანი? პასუხი - იესოა. ის ვინც უპირობო სიყვარულითაა აღსავსე და უანგარო მსახურებით ცხოვრობს.

მაშ, მორიგი კითხვა, როგორი უნდა იყოს ამ კაცის ძის მოსვლის მოლოდინი? სახარება გვაუწყებს, რომ „ისე, როგორც ნოეს დღეებში იყო, ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ...“ ანუ არავითარ ცუდს არ აკეთებდნენ, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მაგრამ ვაი იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ხალხი ჩვეულ ცხოვრების დინებას მიყვებოდა, ისე თითქოს მუდამ ასე იქნებოდა. მათ დაკარგეს მოლოდინი, ყურადღება მოადუნეს, ისე რომ აღარ ელოდნენ სიახლეს - კაცის ძეს.

ჩვენ ადვენტისას მოველით იესოს მოსვლას. მაგრამ, რომ გადავხედოთ მსოფლიო საზოგადოებას, ნოეს პერიოდს გვაგონებს: ბიოლოგიურ, მატერიალურ და ფიზიკურ ინტერესებში ჩაძირული კაცობრიობა. თუმცა საბედნიეროდ არის ადამიანთა „მცირე ჯგუფი“, რომელიც მოლოდინით ცხოვრობს (მცირე, რადგან მასში ყველა როდი მოიაზრება). ამ „მცირეს“ დიდი პასუხისმებლობა აქვს დანარჩენის წინაშე, რათა მათი ცხოვრება მოწმობად იქცეს სხვებისთვის.

სახარების შუა ნაწილში ლაპარაკია სხვადასხვა ‘პროფესიის’ ადამიანთა გაცალკევებაზე (24,40-41). რას ნიშნავს ეს? თითოეული ადამიანი ცდილობს თავისი პროფესიით თვითრეალიზაციას, რაიმეს ‘შექმნას’, რათა ამ სამყაროში მისი ანაბეჭდიც დარჩეს, და ეს ღვთისგანაა ბოძებული. თუმცა ამ ერთად მყოფთა გაცალკევება მიანიშნებს იმზე, რომ არსებობს ცხოვრების 2 მიმართულება და ამ ორიდან ერთი გაეხსნება და მიიღებს, ხოლო მეორე არა. გაეხსნა ნიშნავს კაცის ძის მიღებას, ახალი ქმნილებით შემოსვას, სახარებით, - ღვთის სიტყვით, - გაჟღენთვას. მაგ.: ისე, როგორც იოანე ნათლისმცემელთან მიდის ხალხი „ნათლისღების მისაღებად“ და ეკითხებიან, როგორ მოვიქცეთო. იოანე პასუხობს: ნუ მიატოვებთ თქვეს პროფესიას, მაგრამ განაახლეთ ის. შეცვალეთ ფორმა და მიანიჭეთ მეტი შინაარსი. ჯარისკაცებს ეუბნება, დასჯერდით თქვენს გასამრჯელოს და ნუ იქნებით მოძალადენი სხვების მიმართ. ე.ი. კაცის ძის მოსვლა გარდაქმნის ადამიანის ცხოვრებას, აახლებს და სხვა ფორმას აძლევს. ეს სიყვარული და მსახურებაა.

ძვირფასნო! მაშ, დაუფიქრდეთ თუ როგორია ჩვენი მოლოდინის მდგომარეობა და როგორია ჩვენი „პროფესიით“ ცხოვრება დღევანდელობაში?

გისურვებთ ნაყოფიერ მოლოდინის პერიოდს!

წარმატებების სურვებით - მამა პაატა ქომოშვილი


58 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge