• Akaki Chelidze

უმანკიდ ჩასახვა ნეტარი ქალწული მარიამისა 8 დეკემბერი სახარების განმარტება


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

1, 26-38

მეექვსე თვეს კი წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი. და შევიდა მასთან და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის.“ ის შეშფოთდა ამ სიტყვებზე და ჩაფიქრდა: რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება? უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს. და საუკუნოდ იმეფეს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“ უთხრა მარიამმა ანგელოზს : „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილი იწოდება ღვთის ძედ. აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე. ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი.“ თქვა მარიამმა: „აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ.“ და განეშორა მას ანგელოზი.

განმარტება

კომენტარი ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულთან დაკავშირებით - უბიწო, წმიდა და უმანკო არსებობა, ეს ოდენ ტკბილი ილუზია ან უიმედო ოცნება როდია; ეს ჩვენთვის განკუთვნილი ხვედრია: "ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით" (ეფ.1,4). ეს არის იდეალი, რაც თავად ღმერთმა აღბეჭდა სამარადჟამოდ კაცის გულში. სწორედ ამიტომ, ყოველ ადამიანში, ვინც ცხოვრების სიდუხჭირეს არ შეუბილწია, ჯერ კიდევ ცოცხლობს უმანკოების სურვილი. წმიდად და უმანკოდ ყოფნა: ეს მარადისობიდან მოცემული ღმრთის პროგრამაა, იგი არ იცვლის თავის ზრახვებს და არც კაცთგან მიყენებულ იმედგაცრუებას ეგუება. სწორედ ეს პროგრამა შემოგვთავაზა ჩვენმა ეპისკოპოსმა წლევანდელი წლის მანძილზე: "ვიყოთ წმიდანები... საქართველოში".

სამწუხაროდ, ზეციერი მამის დიდსულოვან მოწოდებას, რომ მან იდუმალი გზით აგვირჩია ქვეყნიერების შექმნამდე, გვაკურთხა ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში (ეფ.1,3), წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ (ეფ.1,5), ადამიანი უცნაური და სავალალო უარით პასუხობს. კაცის გაუგონარ სიურჩეს თავისი შემოქმედის გაუგონარ სიყვარულზე ცოდვა ეწოდება; ეს ჩრდილი დღენიადაგ სდევს და ბღალავს ჩვენს ცხოვრებას; იგია ნამდვილი მიზეზი ყოველი ჩვენი ვერაგობისა და ჩვენი ურვისა.

სიწმინდისაკენ პირველად და ფუნდამენტურ მოწოდებას (რამეთუ აგვირჩია წმიდანები ვყოფილიყავით) ადამიანი ამბოხითა და ცოდვით პასუხობს; იმ ცოდვით, რამაც ყველა გაგვსვარა, ყველას მოგვიჭრა სიცოცხლის ხესთან მიახლოების და ედემის ბაღში შესვლის გზა; ცოდვა, რამაც კაცთა გულებში თანდათან შეაპარა გულგრილობა ღვთის მიმართ, ვისაც ვუყვარვართ და ვისთანაც მჭმუნვარე შიშით ვლამობთ შეხვედრას, ვინც ჩვენი ცხოვრების აზრი და სინათლეა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა" (დაბ.3,10).

ადამის ცოდვის შემდეგ, უბიწო ცხოვრება უგუნურ სულთათვის მიუღწეველ მიზნად, ფუჭ ოცნებად იქცა. მაგრამ ცოდვას, რამაც ადამიანის გული დაიპყრო, არც ღვთის სიყვარულის ალი ჩაუქრია და არც მისი ზრახვა შეუცვლია.

მართალია, ქვეყნიერება გახრწნილია, მაგრამ არა თავისივე ფესვების ძირში და საძირკველში, რამეთუ კაცობრიობის ნამდვილი ფესვი და საძირკველი თავად ღვთის ძეა- უფალი იესო; მასში ცოცხლობს ყოველივე, რისთვისაც მარადისობიდან ჩაგვიფიქრა და გვისურვა ღმერთმა: მასში აგვირჩია წუთისოფლის შექმნამდე (ეფ.1,4). ამქვეყნიური ბიწიერება ვერ მიწვდა მას, ვინც სამყაროს ცოცხალი, უმანკო გული, ღვთიური ცხოვრების ღერძია.

ამიტომაც, ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტე, უბიწო ცხოვრების იდეალი, ყველას თვალში ის კონკრეტული პირობა და ხვედრია, რისთვისაც ამქვეყნად მოგვიხმეს. ამიერიდან ეს ხვედრი ღვთიური გამოსყიდვის მოცემულობად იქცა; ის შეიძლება იყოს ტკივილიანი გამოსყიდვის ნაყოფი, მონაპოვრის შედეგი, ღვთის გამარჯვების გზა, რაც მიიღწევა ქრისტეს მორჩილების, სიყვარულის, ტანჯვის, სიკვდილის გავლით.

ქმნილება, ვისშიაც ქრისტეს გამოსყიდვა ყველაზე ნაყოფიერად და მთელი სისრულით აღესრულა ქალწული მარიამია. " Sublimiori modo redempta,, (უზენაესი გზით გამოსყიდული), ამბობს დოკუმენტი, რის საფუძველზეც პიუს IX-მ, 1854 წელს, მარიამის "უმანკოდ ჩასახვის" დოგმა გამოაცხადა; ეს ჩვენი რწმენის მემკვიდრეობის ნაწილია.

კათოლიკური ტრადიციის ყველაზე ძვირფას და ლამაზ დღესასწაულთა შორის გამორჩეულია 8 დეკემბერი; ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ იგი ადვენტს - შობისკენ მიმავალ პერიოდს ემთხვევა და ისიც, რომ ლიტურგიული ტექსტები წყალობაზე და ბედნიერებაზე გვესაუბრებიან, წყალობა და ბედნიერება ყველას ერგება წილად, რამეთუ მას არ ვიღებთ ჩვენი ცხოვრებიდან, იგი ზეციდან ბოძებული მადლია და ჩვენ ვალდებულები ვართ პასუხი მივაგოთ. დასავლური ხალხური ქრისტიანული ტრადიცია ამ დღესასწაულს უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულად მოიხსენებს, ანუ იმ ქალბატონის სახელობის დღედ, ვინც ადამიანური გზით ჩაისახა, მაგრამ უბიწოდ და ყოველგვარი ცოდვის გარეშე.

როდესაც მახარობელი ლუკა, ანგელოს გაბრიელის მისალმებით მარიამს "მიმადლებულად" (ლუკ. 1, 28) წარმოგვიდგენს, ამით სურდა ეჩვენებინა, რომ ღვთის ჩანაფიქრი (ჟამთა სისრულე, წყალობის სისრულე...) უკვე აღესრულა იესო ქრისტეში, ხოლო ღვთისმშობელი მარიამი საკუთარი ნებით იქცა ამ გეგმის მონაწილედ სწორედ იმ მადლის წყალობით, რაც საზეიმოდ გამჟღავნდა ხარების წუთებში, მაგრამ რაც ჯერ კიდევ, მისგან შეუცნობლად, ამოქმედდა მის არსებობაში, რამეთუ მასში ცოდვის მცირედი მიზეზიც კი არ იძებნებოდა, რაც ღვთის მადლსა და მის ცხოვრებას დააპირისპირებდა. პირველქმნილი იდეალი - წმიდა და უბიწო ცხოვრება - მისი არსებობის პირველივე წამიდან იძენს სრულყოფილებას; მასში არაა ცოდვის ჩრდილი, შინაგანი უმსგავსობა, ღალატი.

მარიამი ისრაელის ისტორიაში "იაჰვეს საწყალ" ღვთაებად იქცა, ანუ იმ არსებად, ვინც მხოლოდ ღმერთზე (და არა ადამიანურ და მიწიერ ძალებზე) ამყარებს იმედს. ის მორჩილი ქმნილებაა, რომელიც თავისი ნათქვამით "აჰა, მხევალი უფლისა" (ლუკ. 1,38), სრულად გამოხატა და შეაჯამა საკუთარი არსებობის აზრი.

იგი თავისუფალი და შეგნებული ქალწულია, ვინც ებრაელ გოგონებს შორის, ღმერთთან საქორწინო აღთქმის გზა აირჩია, ურყევად და სამარადჟამოდ: "მამაკაცი რომ არ ვიცი" (ლუკ.1,34).

მის ქალურობას მთელი მისი სათნოებებით და შეუდარებელი ღირსებით სრულყოფილად გამოხატავს მისი მდგომარეობა, როგორც სასძლოსი და როგორც დედის.

სასძლო, ქალწული და დედა, სიყვარულის სასვე და უბიწოდმყოფი, კაცობრიობის წინაშე დგას წმიდა ეკლესიის პირველნაყოფად, ქრისტეს ნაყოფიერ სასძლოდ, უბიწო და უმანკოდ, ვინც მუდამ დევნის, გაუგებრობის ობიექტი იქნება, მაგრამ მარად ერთგული თავისი უფლისა, მრავლისმეტყველი მოწმე (ბოროტების ზეობის წინააღმდეგ) ღვთიური ენერგიისა, რაც მამის მარჯვენით ამაღლებული ჯვარცმული ქრისტესაგან კვლავაც ეფინება ქვეყნიერებას და მადლით აღავსებს მას. ჩვენც შეგვიძლია, რომ ეკლესიის საიდუმლოში, თუნდაც არასრულყოფილი გზით, ვემსგავსოთ უმანკო მარიამს. ნათლისღების გზით - რასაც მუდმივად შევიცნობთ და მონანიების საიდუმლოში, ევქარისტიულ ზიარებაში, რწმენისა და ცხოვრების თანხვედრის მოვალეობებში გამოვხატავთ - ჩვენ ვემსგავსებით იესო ქრისტეს, მის სიკვდილს და აღდგომას; იგი მუდამდღე გვაზიარებს ღვთის ჩანაფიქრის თავდაპირველ სილამაზეს.

ვიცხოვროთ იმ ღრმა და ქმედითი შეგნებით, რომ ღმერთმა აგვირჩია თავის შვილებად და ეს იყოს ჩვენი სურვილი, ჩვენი ლოცვა, ჩვენი მოვალეობა მარად ქალწული მარიამის მაგალითზე და მისი მეოხებით.

მამა გაბრიელე ბრაგანტინი


23 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge