• chilingarashvili19

23 თებერვალი - სახარების განმარტება


საკითხავი წმიდა სახარებიდან მათეს მიხედვით 5,38-48.

თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: 'თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.' მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას. ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი. ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: 'შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.' მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.


განმარტება

ძვირფასნო! ბოლო კვირების განმავლობაში იესოს მიერ მომართული სიტყვა გახლავთ, ნეტარების მთაზე წარმოთქმული გრძელი ქადაგება-დამოძღვრა, დღევანდელი ეპიზოდიც სწორედ აქედანაა.

იესო გვესაუბრება ადამიანური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე - ურთიერთობაზე და მის წესებზე ამა თუ იმ ვითარებაში. ის ყოველთვის მიჯნავს ძველსა და ახალს. ძველი ახლოსაა წუთისოფლის აზროვნებასა და ლოგიკასთან, ხოლო ახალი იესო ქრისტესაგან გამომდინარეობს. მაგ.: სიკეთის გამკეთებელი ადამიანი, მეორესაგან რაიმე უმცირეს საპასუხოს მაინც ელოდება, თუნდაც უბრალო, მადლიერების ღიმილს. თუ საქმე სიყვარულს ეხება მაშინ ურთიერთგაცვლასთან გვაქვს საქმე ანუ გაცემა-მიღების „ანგარიშით“. ეს ადამიანური სამართლიანობაა, რომლითაც სუნთქავდნენ ფარისეველნი. იესოს კი შემოაქვს ახალი სამართლიანობა, რომელიც უკვე აღარ ეფუძნება - ანგარიშს, „ვაჭრობას“ და ა.შ., არამედ სრულ უსასყიდლობას. სიყვარულის ‘ინვესტირება’ ხდება არა იმ მიზნით, რომ მიიღო, არამედ ეს ახალი ბუნებიდან (ქმნილებიდან) გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ „ვაზი ეკალს არ მოისხამს და პირიქით“,ანუ კეთილი (ახალი), კეთილ ნაყოფს გამოიღებს. იესოს სიტყვა მიმართულია მათდამი ვისაც სურს, რომ ახალი ქმნილება გახდეს და ახალ სამყაროს (ცათა სასუფეველი) ეკუთვნოდეს.

სამაგიეროს გადახდა ანტიკური კანონი იყო (თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ - 5,38.), რომლითაც ცდილობდნენ წესრიგის დამყარებას. თუმცა, ცოტა არ იყოს „ბარბარული“ სახე ქონდა, ამიტომ იესოს შემოაქვს სიახლე. მას შემოაქვს ისეთი სამართალი, რომელიც წუთისოფლის და სუფთა ადამიანურ ჩარჩოებს ცდება და დიდ ნახტომს აკეთებს, რომელიც უმაღლესია. ამიტომ, მოხმობა ეხება მათ, ვინც გახდა ახალ სამყაროს ნაწილი, რათა აღარ დაუბრუნდეს უწინარესს (სიძველეს, უკუქცევას). მაგ.: შეგხვდა მოწინააღმდეგე ნუ შეებრძოლები მისი „იარაღით“, არამედ გამძლე იყავ განსაცდელში, დაითმინე.

მოწაფეს გაცნობიერებული და გათავისებული უნდა ქონდეს მოწაფეობა, და სწორედ ამ პოზიციიდან უნდა იმოქმედოს და არა ძველიდან. ამისათვის იესოს მოყავს 4 კონკრეტული მაგალითი:

1. ლოყაში გარტყმა/ლოყის მიშვერა. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ არ იხელმძღვანელო სამაგიეროს გადახდის იმპულსით, არ იყო ინსტიქტური, არამედ დატოვო უპასუხოდ (დაითმინო). რადგან გვახსოვს იესომაც გააპროტესტა უმიზეზო სილა, „რადა მცემ?“. ეს წესი მიანიშნებს, რომ მოწაფე ყოველთვის ალერსიანი როდი იქნება, თუმცა მოვალეა მუდამ სიყვარულით იხელმძღვანელოს.

2. პერანგის წაღება/მოსასხამის გატანება. იმ პერიოდის ებრაელებს ორი სამოსელი ეცვათ, კვართი და ზედა მოსასხამი. კვართი - შიდა და მოსასხამი - გარე ანუ ზედა. ზედა სამოსელს დიდი მნიშვნელობა გააჩნდა, ის შეიძლება გამოყენებულიყო ღამით მისაფარებლადაც - სიცივისაგან დასაცავად. იესოს მოხმობა მიანიშნებს, არათუ პერანგის დაჭერაზე, არამედ მოსასხამის გატანებაზე. ეს ნიშნავს გაატანო უძვირფასესი რამ, დარჩე ცარიელი (შიშველი). ისე, როგორც იესო ჯვარცმისას დარჩა შიშველი - არაფრის გარეშე, ყველაფერი გასცა, საკუთარი სიცოცხლეც კი; ეს თავგანწირვაა - უპირობო სიყვარული.

3. მილზე წაყოლა/ორზე გაყოლა. იძულება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ასეთი ეპიზოდი გვახსენდება სახარებიდან, როცა სიმონ კანანელს, შემთხვევით გამვლელს აიძულებენ ჯვრის ზიდვას, იძულებით მაგრამ მერე კი საკუთარი ნებით. ჯვრის ტვირთვა ნებაყოფლობითი არაა ახალი ქმნილებისთვის, არამედ აუცილებელია, რათა ადამიანმა შეძლოს უფლის ნების განხორციელება. ეს კი მიუთითებს მოწაფის ცხოვრებაში მზაობაზე, ზოგჯერ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე, რათა შეასრულოს აღმატებულის (ღმერთის) ნება.

4. გთხოვს/მიეცი, ასესხე. იმ პერიოდისთვის მთხოვნელში აისახებოდა ნამდვილად გაჭირვებული ადამიანი. მოხმობა ნათელია: არ უგულვებელყო, არ მოიმიზეზო, არ იუარო, არამედ ხელი გაუმართო. „ვინც მცირე ძმათაგანს გაუკეთა, მე გამიკეთა, ამბობს უფალი“. მცირე ძმათაგანი = ქრისტე.

და ბოლო კი სწორედ იმ სიახლის ხარისხსა და უზენაესობაზე მიუთითებს, რაც იესომ შემოიტანა. „შეიყვარე მტერი“, კაცთათვის გაუგონარი და სრულიად უცნაური, თუმცა მხოლოდ ქრისტიანული. რასაკვირველია ეს ადამიანის ძალებს აღემატება, ამიტომ მხოლოდ ლოცვა და უფლის მადლი შეაძლებინებს მოწაფეს ამგვარ გამოწვევაზე პასუხის გაცემას, და მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარული და არა სხვაგვარი.

ძვირფასნო! როგორც ვხედავთ ჩვენს წინაშე რთული სამოწაფეო დავალებაა, ამიტომ ვილოცოთ და ვისასოოთ უფალში, რათა შეგვაძლებინოს და ეს გახდეს კაცთათვის მოწმობა ღვთის დიადი სიყვარულისა. შეგვეწიოს უფალი, ამენ!


ბედნიერი უფლის დღის სურვებით - მამა პაატა ქომოშვილი.

63 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge