• chilingarashvili19

29 მარტი "V დიდმარხვის კვირა" სახარების განმარტება


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიხედვით 11, 1-45

იყო ვინმე ავადმყოფი, ლაზარე ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის მართას სოფლიდან. ეს ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისი თმებით შეუმშრალა. მისი ძმა ლაზარე იყო ავად. გაუგზავნეს მისმა დებმა კაცი და შეუთვალეს: ,,უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა.“ მოისმინა იესომ და უთხრა: ,,ეს სნეულება სასიკვდილო არ არის, არამედ ღვთის სადიდებლადაა, რათა მისით განდიდდეს ძე ღვთისა.“ იესოს უყვარდა მართა, მისი და, და ლაზარე. როცა გაიგო, რომ ავად იყო, ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა. ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: ,,ისევ იუდეაში წავიდეთ.“ უთხრეს მას მოწაფეებმა: ,,რაბი, იუდეველები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?“ მიუგო იესომ: ,,თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ამ სოფლის ნათელს ხედავს. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, რადგან ნათელი არ არის მასში.“ ეს თქვა და მეორე ეუბნება მათ: ,,ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ.“ უთხრეს მოწაფეებმა მას: ,,უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება.“ იესომ მის სიკვდილზე თქვა, მათ კი ეგონათ, რომ ბუნებრივ ძილზე ამბობდა. მაშინ უთხრა მათ იესომ გაცხადებით: ,,ლაზარე მოკვდა. მიხარია თქვენს გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. მაგრამ მოდით, წავიდეთ მასთან.“ მაშინ თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა მოწაფეებს: ,,ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ. იესო მივიდა და ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღის დამარხული იყო. ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმიდან, ასე თხუთმეტი სტადიონის მანძილზე. ბევრი მივიდა იუდეველთაგან მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი ძმის გამო. რომ გაიგო მართამ, იესო მოდისო, შეეგება მას. მარიამი კი შინ იჯდა. მართამ უთხრა იესოს: ,,უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს ღმერთი.“ ეუბნება მას იესო: ,,აღდგება შენი ძმა.“ ეუბნება მას მართა: ,,ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს.“ უთხრა მას იესომ: ,,მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?“ ეუბნება მას: ,,ჰო, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა, ამ სოფლად მომავალი.“ ეს რომ თქვა, წავიდა და თავის დას, მარიამს, მოუხმო და ჩუმად უთხრა: ,,მოძღვარი აქ არის და შენ გიხმობს.“ როგორც კი გაიგონა, სასწრაფოდ წამოდგა და მივიდა მასთან. იესო ჯერ დაბაში არ იყო შესული, იმავე ადგილზე იდგა, სადაც მართა შეეგება. იუდეველებმა, რომლებიც მასთან იყვნენ სახლში და ანუგეშებდნენ, როცა დაინახეს, რომ მარიამი სასწრაფოდ წამოდგა და გავიდა, გაჰყვნენ უკან, ეგონათ, სამარხისკენ მიდიოდა სატირლად. მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და, რომ იხილა იგი, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: ,,უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა.“ როცა იესომ დაინახა, რომ ტიროდა იგი და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, შეიძრა სულით და აღელდა. უთხრა: ,,სად დაასვენეთ იგი?“ ეუბნებიან: ,,უფალო, მოდი და ნახე.“ და აცრემლდა იესო. თქვეს იუდეველებმა: ,,ნახე, როგორ ჰყვარებია!“ ზოგიერთმა მათგანმა კი თქვა: ,,ნუთუ ბრმის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო?“ იესო კი, კვლავ შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული. ამბობს იესო: ,,აიღეთ ლოდი.“ ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: ,,უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.“ ეუბნება მას იესო: ,,განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ–მეთქი?“ აიღო ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: ,,მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე ვიცოდი, რომ ყველასათვის მისმენ. მე მხოლოდ გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.“ ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: ,,ლაზარე, გამოდი!“ და გამოვიდა მიცვალებული, ხელ–ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული. ეუბნება მათ იესო: ,,გახსენით და გაუშვით, იაროს.“ მაშინ ბევრმა იუდეველთაგან, რომლებიც მოვიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი.

განმარტება

დღევანდელი საკითხავი კიდევ ერთი მოწმობაა იმ სამეფოს გამარჯვებისა, რომელიც ამ წუთისოფლად მოიტანა იესომ. ყოველ დროში და ყველა ხალხის მიერ, გამონაკლისის გარეშე, სიკვდილის გამარჯვება სიცოცხლეზე აღიქმებოდა როგორც რაღაც უსამართლო და უმართებულო. ყველა მცდელობა, შეეხედათ სიკვდილისათვის სტოიკოსების ან ნატურფილოსოფოსების პოზიციიდან, რომლებიც ამას ფილოსოფიური სიმშვიდით ეკიდებოდნენ და იღებდნენ როგორც რაღაც კანონზომიერსა და გარდაუვალს, და ამიტომაც ნორმალურს, წესისამებრ, წარუმატებელი იყო: სიკვდილთან პირისპირ შეხვედრისას, ის მაინც იწვევდა მხოლოდ ძრწოლასა და ზიზღს. იშვიათად, რა თქმა უნდა, ამ გრძნობას შეერეოდა სხვაც, სიკვდილის მიზეზებთან და გარემოებებთან დაკავშირებული, მაგრამ მათ უკვე სიკვდილთან, როგორც ასეთთან, დამოკიდებულება არ ჰქონდათ: მათი წყარო იყო სწორედ ნახსენები მიზეზები და გარემოებები, და არა სიკვდილი, როგორც ასეთი.

ბიბლია განმარტავს სიკდილისადმი ამგვარ დამოკიდებულებას: სიკვდილი ამქვეყნად შემოვიდა ცოდვით დაცემის შედეგად, ის ნაწილია მსოფლიო ბოროტებისა, რომელიც გარდუვალად უნდა გაუჩინარდეს მას შემდეგ, როცა მსოფლიო, ღვთის ძალით გარდაქმნილი, სამეფოს ნაწილი გახდება. და იესო, მწუხარე ადამიანების დანახვისას აცრემლებული (მუხლი 32-36), ამოწმებს, რომ სიკვდილი მოჩვენებითი კი არ არის, არამედ ადამიანის ცხოვრების ნამდვილი ტრაგედიაა.

ეს, რა თქმა უნდა, დასასრული როდია, წინ არის აღდგომა, სამსჯავრო და სამეფო, სახარებისეულ ჟამს, აღდგომის შესახებ იცოდა ყოველმა მორწმუნე ებრაელმა (მუხლი 23-24). მაგრამ სიკვდილი მაინც რჩებოდა იმ მდგომარეობად, რომელიც ადამიანისათვის არაბუნებრივი იყო, ის ეწინააღმდეგებოდა ღვთის ჩანაფიქრს ადამიანისა და მისი დანიშნულების შესახებ. და ამიტომ სამეფო სიკვდილთან შეუთავსებელი ჩანს.

იესო შემთხვევით როდი ამბობს საკუთარი თავის შესახებ, რომ ის არის აღდგომა (მუხლი 25-26): იგი ხომ სამეფოს სისავსეს ატარებს თავის თავში, და სიკვდილი უკან იხევს სამეფოს წინაშე. რა თქმა უნდა, დაბრუნება წინანდელთან, ჯერ კიდევ ღვთის ძალით გარდაუსახველ უწინდელ სიცოცხლესთან, რომელიც ჯერ კიდევ არ გამხდარა სამეფოს ნაწილი, ძნელად თუ მიიჩნევა გზის დასასრულად. ეს ჯერ კიდევ არაა ის აღდგომა, რომელსაც მოელოდნენ მორწმუნე ებრაელები. მაგრამ სიკვდილი და სამეფო შეუთავსებელია, და ამიტომ ისიც კი, ვინც ჯერ კიდევ არ გარდაქმნილა ბოლომდე, სამეფოში მოიპოვებს სიცოცხლის იმ სისავსეს, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია.

არავის შეუძლია დაიტიოს თავის თავში იმაზე მეტი სიცოცხლე, რამდენის დატევაც მას ძალუძს, მაგრამ ღვთის სიცოცხლის სისავსის შეხებისას, ყოველი მოიპოვებს სიცოცხლის იმ საზომს, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია. ლაზარე ჯერ სრულად გარდაქმნილი არ იყო, მაგრამ იმ სიცოცხლით ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობს ყოველი ჯანმრთელი ადამიანი ჯერ კიდევ ბოლომდე გარდაუქმნელ ჩვენს სამყაროში, მას სავსებით შეეძლო. და მას ეძლევა ეს მისთვის შესაძლებელი სისავსე, როდესაც ღვთის სინათლეზე გამოვა საფლავიდან, სადაც იყო დაკრძალული (მუხლი 38-44). მაშინ ყველას შეეძლო ცხადად დარწმუნებულიყო, რომ სამეფო ნამდვილად შემოვიდა ამქვეყნად, და მასთან ერთად შემოვიდა აღდგომა, რომლის შესახებაც აქამდე ფიქრობდნენ, რომ ის ჯერ კიდევ შორს იყო.

თითქოს ასე ცხად დემონსტრაციას ყოველი გული უნდა მოელბო და გარდაექმნა, მაგრამ, როგორც ჩანს, მსგავსი არაფერი მომხდარა. ერთნი ნამდვილად გარდაიქმნენ (მუხლი 45-46), სხვებში კი უფრო მეტად გამყარდა ქრისტეს მეუფების მიუღებლობა. მაგრამ მოწმობა იყო მეტად ცხადი, და სამეფოს უარმყოფლებს ისღა დარჩენოდათ, რომ თავიანთ თანმიმდევრულ მიუღებლობაში მისულიყვნენ იმ აზრამდე, რომ აუცილებლად გათავისუფლებულიყვნენ იმისგან, ვინც მოიტანა მეუფება ამქვეყნად (მუხლი 47-53). ასე რომ, სამეფოს მიუღებლობას ჯვრამდე მიჰყავს ღმერთის მიერ წარმოგზავნილი სამყაროს მხსნელი.

მამა მიხეილ სურმავა

46 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge