• Catholic Church

3 მაისი, სახარების განმარტება

მღვდ. ზურაბ კაკაჩიშვილი


საკითხავი წმინდა სახარებიდან იოანეს მიხედვით

იონე 10, 1-10

იმ დროს თქვა იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარაში და სხვა გზით გადადის, ქურდია იგი და ავაზაკი. ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი. მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ სცნობს“.

ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.

კვლავ უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ უსმინა მათ. მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა და გამოვა და ჰპოვებს საძოვარს.

„ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისათვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ“.


განმარტება

ქრისტე აღდგა

დღეს ვზეიმობთ პასექის ჟამის მეოთხე კვირას, რომელსაც სხვანაირად ეწოდება- კეთილი მწყემსის კვირა. დღევანდელი სახარების მეშვეობით, ქრისტეს - კეთილ მწყემსს, სურს, ყველა ჩვენგანი დავფიქრდეთ იმაზე, რომ ცხოვრებაში როდესაც ვდგებით არჩევანის წინაშე, ვის მხარეს ვართ, ვის ხმას ვისმენთ, ვის მივყვებით? ღრმად ჩავუკვირდეთ, გავაანალიზოთ და კარგად გავიგოთ ის, რომ მხოლოდ ერთი კეთილი მწყემსია, მხოლოდ ერთი ჭეშმარიტებაა და მხოლოდ ერთის ხმა მიგვიყვანს გადარჩენამდე.

ამისათვის დღევანდელ სახარებაში იესოს მოჰყავს ცხოვრებისეული მაგალითი, სადაც ცხვრები ჩვენ ვართ, ხოლო მწყემსი თვით ქრისტეა. ქრისტეს სურს, რომ ჩვენ შეგვეძლოს ცხოვრებაში გავარჩიოთ სხვადასხვა ხმებს შორის იესოს, როგორც ჩვენი მწყემსის ხმა, რომელსაც ვუყვარვართ, რომელიც ჩვენთვის იტანჯა, საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ცოდვები, ჩვენი სისუსტე, ჩვენთვის ჯვარს ეცვა და ამით მან დაამარცხა სიკვდილი, ცოდვა, ბოროტება და ეშმაკი. მას ჩვენთვის სურს კარგი და მხოლოდ სიკეთე.

იესო დღევანდელ სახარებაში გვეუბნება, რომ „ცხვარი სცნობს საკუთარ მწყემსის ხმას და მას მისდევს, ხოლო უცხოს არ გაჰყვება, რადგანაც უცხოთა ხმას არ სცნობს“. როგორ გავიგოთ ეს ფრაგმენტი? ეს უცხო არის ეშმაკი, ხოლო მწყემსი ქრისტე. გავიხსენოთ, რამდენჯერ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში, რომ უფრო ვუსმენთ ეშმაკს, ვიდრე ქრისტეს ხმას? რამდენჯერ უგულებელვყავით იესოს მოწოდება, რომ მაგალითად წავსულიყავით ეკლესიაში და დაგვზარებია, ან კიდევ თავი გაგვიმართლებია სხვადასხვა სიტუაციებითა თუ გარემოებებით? რამდენჯერ მოგვისმენია ეშმაკისათვის და უსამართლოდ განგვისჯია მეორე ადამიანი? რამდენჯერ გვისურვებია სხვისთვის ცუდი? რამდენჯერ გვიმუშავია კვირა დღეს? რამდენჯერ გაგვხარებია სხვისი დაცემა და წარუმატებლობა? რამდენჯერ უარი გვითქვამს ბოდიშის მოხდასა და პატიებაზე? რამდენჯერ დაგვზარებია სიკეთის გაკეთება? ეს სია შეიძლება კიდევ

გაგრძელდეს. თუ ასე ვიქცევით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვუსმენთ „უცხოს“ ხმას და მას მივყვებით, რადგანაც ვაკეთებთ იმას, რასაც იგი მარცხენა ყურში ჩაგვძახის. ასეთი ქცევა, ალბათ, ბევრჯერაც გვინანია, გამოგვიცდია უკმაყოფილება, რის გამოც შეიძლება მეორე ადამიანთან ურთიერთობა გაგვიწყვეტია, შეგვძულებია ჩვენი მოყვასი და ჩავვარდნილვართ სასოწარკვეთილებაში. ასეთნაირად ჩვენ თვითონ ვირჩევთ და ვადგავართ დაღუპვისაკენ მიმავალ გზას. ეს ყველაფერი იესომ კარგად იცის. მას ძალიან ვუყვარვართ და სურს ჩვენი დახმარება, რათა შევუდგეთ გადარჩენისკენ მიმავალ გზას. ამიტომ გვეუბნება, რომ შევძლოთ ამ ხმის გარჩევა და ნუღარ გავყვებით დაღუპვისაკენ მომხმობ ხმას.

იესო გვეუბნება, რომ თვითონ არის ის დამაიმედებელი კარი, რომლითაც შესული გადარჩება, შევა და გამოვა და ჰპოვებს საძოვარს. იესო გვაძლევს სრულ გარანტიას, რომ გადავრჩებით თუ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, როგორც ის გვეტყვის. ყოველ საქმეში შესვლას თუ ჩვენ განვახორციელებთ იესოს მეშვეობით, თუ გავაკეთებთ ისე, როგორც მისთვის მოსაწონი იქნება, მაშინ წარმატებები გვექნება (ანუ „შევალთ“). იგი თან დაგვიცავს ყოველგვარი საფრთხისაგან, სადაც წავალთ, რასაც გავაკეთებთ, მუდამ ჩვენ გვერდით იქნება (ანუ „გამოვალთ“). ასევე გვპირდება იმას, რომ „ვპოვებთ საძოვარს“, ანუ ჩვენს შრომასა და ჯაფას შედეგი ექნება და მუდამ გვექნება ლუკმაპური. აქ იგულისხმება როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი საკვები.

სახარების ბოლოს იესო შეგვახსენებს, თუ რა მიზანი აქვს ქურდს: „ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისათვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ“. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ ის, რომ ჩვენი მოწინააღმდეგის - ეშმაკის, მიზანია „მოგვპაროს“ ის მადლი, რაც ღვთისგან მივიღეთ; „მოგვკლას“, ანუ ცოდვის ჩადენით სურს ჩვენი სულიერი სიკვდილი. ასევე სურს „მოსპობა“, სულიერად ჩვენი ისე განადგურება, რომ აღარ დარჩეს ჩვენში იმედის ნატამალი. აქ იგულისხმება ის, რომ ფიზიკურად ვიცოცხლებთ, მაგრამ სულიერად ისეთი განადგურებულნი შეიძლება ვიყოთ, რომ ჩვენს ცხოვრებას აზრი დაეკარგოს. იესო კი გვამხნევებს და გვაძლევს იმედს. მას სურს მოგვცეს სიცოცხლე, სულიერი სიცოცხლე, სიხარული. ქრისტეს ნების შესრულებით ჩვენს ცხოვრებას მიეცემა აზრი. თუ მის ხმას გავყვებით, ვიქნებით მადლიერნი, კმაყოფილნი, გახარებულნი, სხვებისადმი დახმარებისთვის ხელგაწვდილნი, გაღიმებულნი და ეს ყველაფერი გვექნება უხვად, იმდენად, რომ შეგვეძლება სხვასაც გაუნაწილოთ.

კეთილი მწყემსი განსაცდელის დროს არასდროს მიგვატოვებს და დაგვეხმარება. როდესაც წავიქცევით, წამოგვაყენებს. მტრის შემოტევებისაგან დაგვიცავს და გაგვამაგრებს. როდესაც ჩვენი ეგოისტური ცხოვრების შედეგად გზას ავცდებით, იგი სიყვარულით დაგვაბრუნებს ჭეშმარიტ გზაზე, რომელიც გადარჩენამდე მიგვიყვანს. აი, ასეთი კეთილი მწყემსი გვყავს და გისურვებთ ყოველთვის გაგვერჩიოს სხვა უამრავ ხმათა შორის მისი სიყვარულითა და სათნოებით გაჟღენთილი ხმა.

გისურვებთ ბედნიერ კვირას და წინსვლა-გამარჯვებებს როგორც სულიერ, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პატივისცემით

0 views

Tbilisi

​Cathedral Church (G. Abesadze str. 4)

Sunday 10:00 (English)

Sunday 12:00 (Georgian)

Sunday 17:00 (Latin)

Mon – Fri 18:00 (Winter time ay 17:30)

Church of Stt. Peter & Paul (I. Javakhishvili str.) 

Sunday 10:00 (English)

             11:30 (Georgian)

             14:00 (Armenian Rite)

             17:00 (Latin)

Mon – Sat 09:00

Rustavi Sunday 17:30

Gori (Ninoshvili str. 90) Sunday 11:00

Akhalkhiza Sunday 13:30

Kakheti

Mtisdziri – Saturday 16:00

Khiza – Sunday 11:00

Khizabavra - Sunday 14:00

Sanavardo - Sunday 16:00

Akhaltsikhe

Rabati Convent Sunday – 11:00

Capuchin Friary

                    Monday 17:00 Mass

                    Friday    17:00 Adoration

 

Ivlita Sunday – 15:00

Vale  Sunday – 12:00 

       Mon – Fri - 11:00

 

 

Arali Sunday - 13:30

         Sunday mass on Saturday - 16:00

         Monday - Friday - 10:00 (During Advent 07:00)

Ude, Pirdapirebi Sunday - 11:30

                           Friday   -  11:30

Ude, Downtown Church Sunday - 09:30

                                         Friday  -  13:30

Abastumani Sunday Mass on Saturday - 18:00

Benara  Every Other Sunday - 17:00  (Winter - 16:00)

Borjomi First Saturday of Month - 16:00

Khizabavra (Aspindza Region) Sunday - 11:00

Vargavi Sunday - 15:00

Kutaisi (Newport str. # 12) Sunday - 11:00

                                         Everyday - 08:30

Batumi  Sunday - 17:00  (Winter - 16:00)

Akhalsheni Sunday - 15:30

Ozurgeti Monday - 17:00 (Winter - 16:30)

Tchiatura Saturday - 15:30

© 2020 კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია