• chilingarashvili19

5 აპრილი ბზობის კვირა, სახარების განმარტება


საკითხავი წმიდა სახარებიდან მათეს მიხედვით 26, 14-27,66

მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან. და უთხრა: ,,რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ და მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი. მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი. უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: ,,სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“ მან უთხრა: ,,წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი: ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.“ მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა, და მოამზადეს პასექი. რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. და როცა ჭამდნენ, თქვა: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს.“ ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: ,,მე ხომ არა, უფალო?“ მან მიუგო და უთხრა: ,,ვინც ჩემთან ერთად ხელს ჩამოაწობს ჯამში, ის გამცემს. კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა, უჯობდა იმ კაცს, არ დაბადებულიყო.“ მიუგო იუდამ, მისმა გამცემმა, და უთხრა: ,,ნუთუ მე ვარ, რაბი?“ ,,შენ თქვი!“ — უთხრა მას. როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: ,,აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.“ აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: ,,ყველამ შესვით აქედან, რას ფიქრობთ?“ ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ,,სიკვდილის ღირსია.“

განმარტება

ბზობის კვირადღით იხსნება დიდი შვიდეული, კვირა, რომლისკენაც იესო მიემართება მთელი თავისი არსებით. უწყის რაც ელის, უკვე კარგა ხანია მისი სიტყვაც და მისი ქმედებებიც აღიზიანებდა ერის მესვეურთ, ერთი მხრივ მღვდლებიც გადაიმტერა ნაზარეველმა და მეორე მხრივ ფარისეველთა სექტაც. დიდი გამჭრიახობა არა სჭირდება იმის მიხვედრას, თუ რას უმზადებდნენ მას ძალაუფლების მფლობელნი. თუმცა იკმარებდა უარი ეთქვა იმ ღმერთზე, რომელიც სიტყვა «მამა»-ში ეტეოდა და რომლის «დედობრივი გულიც» იყო მისი სიმართლეც და სამართალიც; ოდნავ რომ დაეტოვებინა ამ ღმერთისათვის სამართლიანი, ცოდვილთდამსჯელი და მართალთდამჯილდოებელი ყოვლისშემძლის იერი, შეეძლო კიდეც ჰქონოდა იმედი, რომ შეიწყნარებდნენ. მაგრამ როდესაც ასწავლი, რომ ღმერთი არაა სამართლიანი, ის არ უყურებს, რას იმსახურებ, არამედ – რა გჭირდება; როდესაც აუწყებ, რომ ცოდვები უკვე შენდობილია, კმარა გამოართვა ეს შენდობა სრულებით უფასოდ (საამისოდ კმარა თავად გასცე შენდობა სრულებით უანგაროდ); როდესაც ტაძრის ბიზნესს უდგება წყალი შენი მოძღვრებით, როგორ შეგიძლია ივარაუდო, რომ უქმად დარჩებიან ტაძრის საქმოსანნი? იესოსთვის ნათელია, რა ელის მას იერუსალემში. მამისადმი ერთგულება აუცილებლად იწვევს ხელისუფალთა, საერო თუ რელიგიურ ხელისუფალთა ანგარების რეაქციას. ამ ანგარების მსხვერპლია იესო. და არის ხალხი, ვინც იძახის, ღმერთს უნდოდაო იესოს ტანჯვა...

იესო შედის იერუსალემში ჩოჩორზე ამხედრებული და სახარებაში ვისმენთ, როგორ უკავშირებს მახარებელი ამ ამბავს წინასწარმეტყველებებს. «დავითის ძეს» ელის ხალხი, მათთან კი «ღვთის ძე» მიდის. განსხვავება სრულებითაც არაა მცირე: ძეობა ნიშნავს ჰგავდე იმას, ვისაც მამას უწოდებ. დავითის ძე უნდა ჰგავდეს ძლევამოსილ, გამარჯვებულ დავითს, მეფეს, რომელიც აღადგენს სამეფოს და ყველა მტერს დაიმორჩილებს. ასეთ მესიას ელის რჩეული ერი. არადა მასთან მიდის მეფე, რომელიც დავითს კი არა, ღმერთს უწოდებს მამას. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ბზობის კვირადღეს მსახურება იწყება აღტაცებით მიღებული მეფის იერუსალემში შესვლით და იმავე მეფის იერუსალემიდან ჯვარაკიდებული გასვლით. იერუსალემს არასოდეს ესმოდა ღვთისა. ეს ყოველ ჩვენგანს ანუგეშებს სწორედ იმდენად, რომ ღმერთი ჩვენი სიყრუის ამარა არა გვტოვებს, თუკი, რა თქმა უნდა, თანახმა ვიქნებით «დავითის ძის» ნაცვლად «ღვთის ძეს» დავჯერდეთ. დავაკვირდეთ და დავინახავთ, რომ ღმერთის ერთადერთი მოქიშპე ძალაუფლება ყოფილა. და ვისაც ღმერთი უსასრულო ძალაუფლება ჰგონია, გაწბილება ელის, ვინაიდან, თურმე ღმერთს არაფერი ჰქონია საერთო ძალაუფლებასთან, მას მხოლოდ სიყვარულის ენა ესმის, მის სიყვარულს უძლურება ახასიათებს. იგი ვერ ძალადობს ვერავიზე, მას წარმოდგენა არა აქვს, რაში შეიძლება დასჭირდეს მონა, მისთვის აუტანელია დაუპატიჟებელ სტუმრად ყოფნა.

2020 წლის დიდმარხვა და პასექი არასოდეს დაგვავიწყდება. დაე, ამ წელიწადმა დატოვოს ჩვენს სულებზეც თავისი განსაკუთრებული კვალი, მარადისობაში რომ გამოიღებს თავის ნაყოფს: ღმერთის გადმოჩვენებურების ნაცვლად დავანებოთ მას გადაგვათავისებუროს.

მამა აკაკი ჭელიძე

84 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge