• chilingarashvili19

8 მარტი სახარების განმარტება დიდმარხვის II კვირა


საკითხავი წმინდა სახარებიდან მათეს მიხედვით 17, 1 - 9

ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე. გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი გასპეტაკდა, როგორც ნათელი. და აჰა გამოეცხადდნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი.

უთხრა პეტრემ იესოს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთის ელიას“. ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა მბობს ხმა ღრუბლებიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე, მას უსმინეთ!“

ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ. იესო მიუახლოვდა, შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ“. თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი.

და როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: „არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ძა კაცისა მკვდრეთით არ აღდგება“.


განმარტება

ქებული იყოს იესოს სახელი.

დიდმარხვის მეორე კვირას ვისმენთ სახარებას ფერიცვალების შესახებ. ცოტა არ იყოს უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს ასეთი სახარება, მაგრამ და ზუსტადაც რომ ეს სახარება კარგად გამოხატავს დიდმარხვის არსს და მიზანს. ღმერთს სურს, რომ ჩვენ სულიერად გარდავიქმნათ, სულიერად ფერი ვიცვალოთ. დიდმარხვის მეშვეობით ღმერთს სურს ჩვენი სულების განწმენდა, ჩვენი სულების ცოდვის მონობისაგან განთავისუფლება და ღმერთისაკენ შემობრუნება. რათა მივხვდეთ და გამოვცადოთ თუ რა კარგია და რა დიდი ბედნიერებაა იყო ქრისტიანი. მაგრამ ისმის კითხვა: კი მაგრამ როგორ ვიცვალო ფერი? რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე? როგორ ვიცხოვრო? პასუხს გვცემს დღევანდელ სახარებაში თვით მამა ღმერთის სიტყვები, რომელიც გაისმა ღრუბლებიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე, მას უსმინეთ“

ამისათვის საჭიროა ვიცხოვროთ ისე, როგორც გვასწავლის ქრისტე. პირველ რიგში ამ დიდმარხვის განმავლობაში ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ცუდ ჩვევებს. რადგანაც ცოდვა ადამიანს უბნელებს გონებას და კარგავს საღ აზროვნებას. როგორც წმიდა თეოფილე ანტიოქიელი ამბობს: „ადამიანის სული სუფთა უნდა იყოს სარკესავით, რომელიც ირეკლავს სხივებს. თუ სარკე დაფარულია ჟანგით, მასში ადამიანის სახე არ გამოჩნდება. ასევე ადამიანი, რომელშიც ცოდვაა, ვერ ხედავს ღმერთს“. ამიტომაა, რომ ხშირად ვართ უკმაყოფილონი, ხშირათ ვბუზღუნებთ, გვაკლია მოთმინება და სიხარული, გვიჭირს სიყვარულითა და გაგებით მოვექცეთ იმას ვინც ჩვენგან განსხვავდება, ვისი ქცევებიც ჩვენ გვაღიზიანებს, ვინც თითქოსდა სპეციალურად ისე იქცევა, რომ გამოგვიყვანოს წონასწორობიდან და ა.შ.

ეს ასეა ხშირად იმიტომ, რომ ჩვენი სიამაყის გამო ხშირად ჩვენი ცხოვრება გვინდა ავაგოთ ჩვენი ნებისამებრ, ისე როგორც „ჩვენი ჭკუით“ იქნება საუკეთესო. ასეთნაირად სავარაუდოდ ჩვენ ღმერთის ნებას ან უარვყოფთ ან არ ვაქცევთ ყურადღებას. არადა, თუ ჩვენ ღმერთთან ახლოს ვიქნებით, შევიცნობთ მის ნებას და ვეცდებით ამ ნებას გავყვეთ, საბოლოო ჯამში ვიქნებით ცოდვაზე გამარჯვებულნი, ცხოვრებით კმაყოფილნი და გახარებულნი ისე, როგორც შეჰფერის ქრისტიანს. აი მაშინ უკვე ისინი ვინც ჩვენ გვიცნობენ შენიშნავენ, რომ სულ სხვანნი ვართ, რომ შეცვლილნი ვართ, რომ ეს ჩვენს სახეზედაც აღიბეჭდება. ისე როგორც მაგალითად: ზაფხულში ზღვაზე გარუჯვის შემდეგ სახლში დაბრუნებულს - სახეშეცვლილს - ყველა შეგვნიშნავს რომ ზღვაზე ვყოფილვართ.

იმაში, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ღმერთის ნება, გვეხმარება რწმენის მამა - აბრაამი. რომელმაც მიატოვა თავისი სამშობლო და წავიდა უცნობი მიმართულებით, ისე როგორც ღმერთმა უთხრა. მან არ იცოდა სად მიდიოდა, მაგრამ ირწმუნა დაუჯერებელი რამ, ის რაც დაპირდა ღმერთი და ბოლოს ვიცით, რომ მის ცხოვრებაში მოხდა დიდი სასწაული, ღმერთმა მისცა ის რასაც მთელი ცხოვრება ევედრებოდა - შთამომავალი - ნანატრი ისააკი.

კარგი იქნება ყველა ჩვენთაგანმა დღეს მოვისურვოთ სულიერი ფერიცვალება და ვთხოვოთ გულმოწყალე ღმერთს, რომ: ჯერ აგვიხილოს თვალნი და დაგვანახოს ჩვენი ცოდვები და მერე დაგვეხმაროს ამ ცოდვების შეძულებასა და მისი მონობისაგან განთავისუფლებაში.

გისურვებთ ბედნიერ კვირას და სულიერ ცხოვრებაში ფერიცვალებას.

პატივისცემით მამა ზურაბ კაკაჩიშვილი

38 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge