სახარების განმარტება - აღდგომის მეორე კვირა 28 აპრილი

April 28, 2019

 

საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანესაგან


იოან. 20:19-31

იმავე დღის საღამოჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში, და უთხრა მათ: ,,მშვიდობა თქვენდა!“ ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.“ ეს რომ თქვა, სული შეუბერა და ეუბნება: ,,მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.“ თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, არ იყო მათთან, როცა იესო მოვიდა. უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: ,,ჩვენ ვიხილეთ უფალი.“ მან უთხრა მათ: ,,თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ. რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: ,,მშვიდობა თქვენდა.“ მერე თომას ეუბნება: ,,მოიტა აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.“ მიუგო თომამ და უთხრა მას: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ ეუბნება მას იესო: ,,შენ მერწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს.“ ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

განმარტება


ამ სახარების წაკითხვის შემდეგ შეიძლება ძალიან გაგვიკვირდეს, რომ ის მოწაფე რომელიც 3 წლის განმავლობაში დადიოდა ქრისტესთან, უნახავს ქრისტეს სხვადასხვა სასწაულები, თვით იესოს პირიდან მოუსმენია სიკვდილისა და აღდგომის შესახებ და ეხლა, როდესაც ეს სასიხარულო მომენტი დადგა, რომლის შესახებაც დანარჩენმა მოციქულებმა ახარეს - რომ მათ იხილეს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე - მას არ სწამს. რამდენჯერ ვყოფილვართ მსგავს სიტუაციაში, რომ სხვისი არ გვჯერა, სხვის ნათქვამს არაფრად ვთვლით? არამედ ჩვენც ხშირად ვიქცევით ურწმუნო თომას მსგავსად.
ერთი კვირაა უკვე ერთმანეთს ვესალმებით სიტყვებით „ქრისტე აღდგა“ და ვპასუხობთ „ჭეშმარიტად აღდგა“. ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, ჩვენს სულიერ სამყაროში და შევეცადოთ დავინახოთ ის, რომ როდესაც ამ სიტყვებს ვიძახით, ნამდვილად გვწამს რომ ქრისტე აღდგა, თუ ასეთი წესია, ან ასე გვასწავლეს და ამიტომაც ვიძახით? კარგი იქნება ჩავუკვირდეთ და შევეცადოთ დავინახოთ თუ რას ნიშნავს დღეს ჩემთვის ქრისტეს აღდგომა? რას ნიშნავს, რომ ის აღდგა? რა ფაქტების მეშვეობით შემიძლია დღეს მე ვთქვა, რომ ის ჭეშმარიტად აღდგა? რომ ეს არაა ფუჭი სიტყვები?
იესომ კარგად იცოდა თომას აზრები, მისი ურწმუნოება და აღდგომიდან ერთი კვირის თავზე ისევ მიდის იქ სადაც მოციქულები თომასთან ერთად იყვნენ შეკრებილნი და ეხმარება მას რომ გახდეს მორწმუნე. მოციქულ თომას იქამდე არ სწამდა ქრისტეს აღდგომა, მანამ სანამ თვითონ პირადად არ შეეხო ქრისტეს ჭრილობებს და დარწმუნდა რომ ის ცოცხალია. მაშინ მან აღიარა თავისი რწმენა სიტყვებით „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.
იესომ ასევე კარგად იცის ყველა ჩვენთაგანის აზრები, ჩვენი ეჭვები, ჩვენი ურწმუნოება, ჩვენი სისუსტე, ჩვენი ცოდვები, ჩვენი სიამაყე და ა. შ., და ასევე უკვე მერამდენედ მოდის ჩვენთან ქრისტე, რომ გააქარვოს ჩვენი ურწმუნოება, რომ ჩვენც ხშირად გვეთქვას თომას მსგავსად „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“. ჩვენც ურწმუნო თომას მსგავსად ცხოვრებაში არაერთხელ გვქონია შესაძლებლობა და რომ მას შევხებოდეთ? იქნებ დღეს აღმოვაჩინოთ ეს მომენტები და ფაქტები, როდესაც ჩვენ არაერთხელ შევხებივართ აღმდგარ ქრისტეს?
როგორც ამბობს პაპი წმ. გრიგორ დიდი, დღეს თომას ურწმუნოება შეიძლება უფრო დაეხმაროს ჩვენს რწმენას, ვიდრე დანარჩენი მოციქულების რწმენა. თუ მან შეხებით აღიდგინა რწმენა, მაშინ ჩვენც თუ გავიხსენებთ იმ მომენტებს როდესაც შევხებივართ იესოს, მაშინ ჩვენი რწმენაც ყოველგვარ ეჭვიანობას დაამარცხებს და გაძლიერდება. ასე, რომ, ისე როგორც ურწმუნო მოწაფე შეხებით გახდა მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტების მოწმე, ასევე კარგი იქნება, რომ ჩვენც გავხდეთ მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტების მოწმეები, არა მარტო ქრისტიანული მისალმებით, არამედ ჩვენს საუბრებში, ჩვენს ურთიერთობებში ხალხთან.
ქრისტე აღდგა.
ჭეშმარიტად აღდგა.


მამა ზურაბ კაკაჩიშვილი

 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

Featured Posts

სახარების განმარტება - 2 ივნისი

June 1, 2019

1/6
Please reload

Recent Posts
Please reload

Archive