სახარების განმარტება - აღდგომის მესამე კვირა 5 მაისი

May 4, 2019

 

 

საკითხავი წმ. სახარებიდან იოანესაგან 

 

(იოან. 21:1 - 19)

 

იმ დროს კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე. ასე გამოეცხადა: ერთად იყვნენ სიმონ–პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მისი მოწაფეთაგანი. ეუბნება მათ სიმონ–პეტრე: ,,სათევზაოდ მივდივარ.“ უთხრეს მას: ,,ჩვენც წამოგყვებით.“ გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. უკვე გათენებული იყო და, იესო იდგა ნაპირზე, მოწაფეებმა კი არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო. ეუბნება მათ იესო: ,,შვილებო, არა გაქვთ საჭმელი?“ მიუგეს მას: ,,არა.“ უთხრა მათ: ,,ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით.“ ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო. მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, ეუბნება პეტრეს: ,,ეს უფალია.“ სიმონ–პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა. სხვა მოწაფეები კი ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, ასე ორას წყრთაზე, და გამოათრიეს ბადე თევზიანად. ხმელეთზე რომ გადმოვიდნენ, ნახეს დაწყობილი ნაკვერცხლები და მათზე დადებული თევზი და პური. ეუბნება მათ იესო: ,,იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ.“ წავიდა სიმონ–პეტრე და ხმელეთზე გამოათრია ბადე, სავსე ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით და, სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა. ეუბნება მათ იესო: ,,მოდით, ისაუზმეთ.“ მოწაფეთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა, ეკითხა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ, ასევე თევზიც. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს, მკვდრეთით აღმდგარი. რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ–პეტრეს: ,,სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ ეუბნება მას: ,,დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: ,,აძოვე ჩემი კრავები.“ ეუბნება მას კვლავ მეორედ: ,,სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ ეუბნება მას: ,,დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“ ეუბნება მას: ,,დამწყსე ჩემი ცხვრები.“ ეუბნება მას მესამედ: ,,სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ პეტრე დაღონდა, მესამედ რომ უთხრა: ,,გიყვარვარო?“ და ეუბნება მას: ,,უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: აძოვე ჩემი ცხვრები. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოარტყამდი სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. როცა დაბერდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს.“ ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორ სიკვდილით განადიდებდა ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: ,,მომყევი.“


განმარტება

მოგესალმებით, დასაწყისში მინდა მოგიყვეთ პატარა ისტორია.
ეს ამბავი მოხდა სააღდგომოდ.
ერთი ახალგაზრდა ელოდებოდა ექიმს რათა გაეგო თავისი დიაგნოზი. ბოლოს და ბოლოს თავისი კაბინეტიდან გამოვიდა დამწუხრებული ექიმი და მის სახეზე ახალგაზრდამ ამოიკითხა საკუთარი განაჩენი. „ შენ გაქვს ავთვისებიანი სიმსივნე, დაგრჩა რამოდენიმე თვე, შეიძლება ერთი წელი..“ „ყველაფერი დამთავრდა! ჩემი ოცნებები, გეგმები , მომავალი...“ - იფიქრა შიშით შეპყრობილმა ახალგაზრდამ. აკანკალებული მუხლებით გაეშურა სახლისკენ. თავში უტრიალებდა ათასი სხვადასხვა ფიქრი. იხსენებდა ბოლო დღეების ბედნიერ მომენტებს. უცბად გაახსენდა ფრაზა რომლიც მოისმინა სააღდგომო წირვის დროს: „ მე ვარ სიცოცხლე“. „სიცოცხლე, სიცოცხლე, მე მინდა სიცოცხლე“- დაიყვირა მან. იმავე წამს მიხვდა რომ მისთვისაც არსებობს იმედი. სინათლემ შეაღწია მის გულში.
ძვირფასო მეგობრებო, ამ ახალგაზრდა ადამიანის ისტორია გრძელდება. ეს არის ისტორია დიდი ბრძოლისა. გაიმარჯვა თუ არა სიმსივნეზე? არ ვიცი. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი. მან შეძლო იმედის შენარჩუნება და შიშის დამარცხება.
დღეს სახარებაში მოვისმინეთ იესოს მორიგ შეხვედრაზე მოწაფეებთან. მიუხედავად რამდენიმე სასწაულებრივ შეხვედრისა აღმდარ უფალთან მოწაფეები მაინც დამწუხრებულები არიან. იციან რომ მათი მოძღვარი ცოცხალია მაგრამ მათ გულებში შიში და გაუგებრობაა. მათ სხვანაირი მოლოდინი ჰქონდათ. უნდოდათ სიმდიდრე და ხელისუფლება, სანაცვლოდ კი მიიღეს დამცირება და სიკვდილის საშიშროება.
ნახეთ რა უბრალოა იესოს გამოცხადება. ჯერ ეხმარება მოწაფეებს თევზის დაჭერაში და მერე ამზადებს მათთვის საუზმეს. მისი ყოფნა მათ შორის ასე ჩვეულებრივია რომ ძლივს ხვდებიან რომ უფალი მათთან არის.
ძვირფასნო, აღმდგარი იესო ქრისტე მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურობაში. აცოცხლებს ჩვენს იმედს და გვაძლევს სიცოცხლის აზრს. ხანდახან საჭიროა რომ მისი მითითებით სხვა მიმართულებით ვისროლოთ ჩვენი ცხოვრების ბადე, რათა ვიპოვოთ წყარო სიცოცხლისა.



მამა პავლე დილი
 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

Featured Posts

სახარების განმარტება - 2 ივნისი

June 1, 2019

1/6
Please reload

Recent Posts
Please reload

Archive