სახარების კომენტარი - 27 ოქტომბერი

October 26, 2019

 

საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

 

18, 9-14

 

ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, მათ იესომ უთხრა ეს იგავი: „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად — ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: 'გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან — მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.' ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: 'ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.' თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“


განმარტება

 

   განა ცუდია, რეგულარულად ვიმარხულოთ, ვილოცოთ, გულმოდგინედ შევასრულოთ რელიგიური დანიშნულებანი? ერთნი, ფარისევლისა და მებაჟის იგავის კომენტირებისას, ამბობენ: დიახ, ცუდია. ცუდია, რადგან ეს გწყვეტს მთავარს, სულიერ ცხოვრებას, როგორც ასეთს, ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას, და აიძულებს ადამიანს დატკბეს საკუთარი თავით. სხვები წინააღმდეგნი არიან: არა, ცუდი არაა, იგავი სხვა რამის შესახებაა, ის ეხება იმ სიამაყეს, რომელიც გვაიძულებს განვადიდოთ თავი და დავამციროთ გვერდით მდგომი. თუ ადგილი არ აქვს სიამაყესა და თვითგანდიდებას, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა, მაშინ შეიძლება შევასრულოთ ყველა რელიგიური ვალდებულება, ისე რომ, არ დავემსგავსოთ სახარებისეულ ფარისეველს.


    თუ სიტუაციას უფრო მეტი ყურადღებით შევხედავთ, ადვილად შევნიშნავთ, რომ ორივე მხარე მართალია - თითოეული თავისებურად. ფარისევლები ნამდვილად იყვნენ ღრმადმორწმუნე ადამიანები. რამდენად გულწრფელნი, და საერთოდ, რა იმალებოდა მათი რელიგიურობის იქით - ეს სხვა საკითხია. სავარაუდოდ, აქაც იგივე იყო, რაც ყოველთვის იმალება ყოველი რელიგიურობის მიღმა: გულწრფელობის ცნობილი საზომი, იშვიათად რომ გვხვდება ღრმა და სავსე სულიერი ცხოვრება,  ხშირად უფრო ზედაპირული, დაფარული მეტ-ნაკლებად თანაბარი კანონიერებით - ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე,  როგორც ეს გვხვდება ყველა დროისა და ტრადიციის მქონე რელიგიურ ადამიანებთან.


    თუკი ასეთი რელიგიური ადამიანი დაადგებოდა სულიერი ცხოვრების გზას და ბოლომდე გაივლიდა მას, იგი, ჩვეულებრივ, ამოწურავდა თავის რელიგიურობას იმდენად, რომ ის პრაქტიკულად აღარ განსაზღვრავდა მისი ცხოვრების წესს, მხოლოდ მსუბუქად ეხებოდა მის ზედაპირს - თუმცა ადამიანებს, რომელთა მზერაც ვერ სწვდებოდა ღრმად ამ ზედაპირულობას, ასეთი ადამიანი შეიძლებოდა ღრმადმორწმუნედ მოჩვენებოდათ. თუმცა, იესო სრულებით არ გმობს ფარისევლის რელიგიურობას და სიამაყესაც კი, როგორც ასეთს - ეს მხოლოდ შედეგია. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სიამაყე წარმოიქმნება მის სულიერ საფუძველზე. საფუძველი კი ხდება ადამიანის მზერა, დაფიქსირებული საკუთარ თავზე, მის ამა თუ იმ შესაძლებლობასა და უნარზე. აი, სწორედ ეს შინაგანი მზერა, ადამიანის მიერ ღმერთიდან საკუთარ თავზე გადმოტანილი, არღვევს კიდეც მის ყოველ სულიერ ძალისხმევას, მიმართულს მისი ნამდვილი მიზნიდან და ნამდვილი ობიექტიდან წარმავალ ობიექტზე, თავისი არსით რომ გვევლინება მხოლოდ ილუზიად, მირაჟად, ყალბად მიმართული ადამიანური ნებით წარმოქმნილი ძალისხმევით. 


   აქ საქმე იმაშიც კი არაა, რომ ცოდვილი ადამიანი  პრაქტიკულად ყოველთვის მიდრეკილია იქითკენ, რომ გადააფასოს საკუთარი შესაძლებლობები და უნარი, უკეთესად წარმოაჩინოს თავი, ვიდრე სინამდვილეშია. საქმე იმაშია, რომ თუ საკუთრივ სულიერ ცხოვრებაზე ვისაუბრებთ, ცოდვილ ადამიანს თითქმის არ გააჩნია არანაირი შესაძლებლობა და უნარი. სამართლიანობა - ცოდვილი ადამიანის თვისება კი არაა, არამედ მისი მდგომარეობა, წარმოებული ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის იმ დინამიკიდან, რომლის გარეშეც საერთოდ არ შეიძლება საუბარი არანაირ სამართლიანობაზე. საკუთარი თავის შეფასებისას და გაანალიზებისას ადამიანი კარგავს ამ დინამიკას. 


    თუნდაც ის, რომ ამგვარი მოსაზრებით აღიქვამს რაღაც ჭეშმარიტს, ეს ჭეშმარიტება აღმოჩნდება პირობითი, ის სულიერი დინამიკის მხოლოდ სტატიკური გადანაჭერია, რომლის მოხელთებაც შეუძლებელია, ტრიალებს რა საკუთარ სულში მოთავსებული ფსიქიკური სარკეების წინაშე, როგორც ამას აკეთებს ფარისეველი მაცხოვრის იგავიდან. აი, ყურდღების ასეთი გადატანა ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის პროცესიდან საკუთარ სულში მის ანარეკლზე ანადგურებს ადამიანის სულიერ ცხოვრებას, არღვევს მის ურთიერთობას ღმერთთან, თუმცა გარეგნულად შეიძლება ჩანდეს, რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს - რელიგიური თვალსაზრისით ხომ ის ნამდვილად რჩება ისეთივე ღვთისმოსავად, როგორიც ყოველთვის იყო. თუმცა ახლა ღვთისმოსაობის მიღმა აღმოჩნდება სულიერი სიცარიელე, რაზეც აფრთხილებს იესო თავის იგავში.

 

მამა მიხეილ სურმავა
 

 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

Featured Posts

სახარების განმარტება - 2 ივნისი

June 1, 2019

1/6
Please reload

Recent Posts
Please reload

Archive