სახარების კომენტარი - 3 ნოემბერი

November 2, 2019

 

საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

 

19, 1-10

 

იესო შევიდა და გაიარა იერიხოზე. და აჰა, იყო კაცი ვინმე სახელად ზაქე — მებაჟეთა უფროსი და მდიდარი. სურდა მას იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან ტანად დაბალი იყო. წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო. იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე.“ სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. ვინც კი დაინახა, ყველანი ბუზღუნს მოჰყვნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდაო. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ასმაგად მივაგებ.“ უთხრა მას იესომ: „დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაკი ისიც აბრაამის ძეა. რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად.“

 

განმარტება

ამ კვირადღეს ეკლესიაში იკითხება ზაქეს ამბავი, გულმოწყალების მგალობელი ლუკა მახარებლის კიდევ ერთი მარგალიტი. დავაკვირდეთ მას და დავნებდეთ, რათა მოგვხიბლოს თავისი ბრწყინვალებით.

ეს მოხდა იერიქონში. ამ ქალაქით შევიდნენ უდაბნოში მოხეტიალე ისრაელიანები აღთქმულ მიწაზე და სწორედ ამიტომ ასოცირდება ის თავისუფლებასთან. ამავე დროს იყო რომ იერიქონის აღებისას მეძავი რახაბის სახლი გადაურჩა განადგურებას, რადგან მან მსტოვრები შეიფარა. სწორედ თავისუფლება და ხსნა მოაქვს სახარების მაუწყებელ იესოს, რომელსაც ამჯერად საზოგადოების სხვა ნაძირალა, მებაჟე ხვდება. ბედის ირონიით ამ მებაჟეს (თანაც, მებაჟეთა უფროსს) ჰქვია «ზაქე», რაც ნიშნავს სპეტაკს, წმიდას, არადა სწორედ მებაჟეები, მეძავებთან და მწყემსებთან ერთად მიიჩნეოდა ყველაზე უწმიდურ ხალხად, იმდენად უწმიდურად, რომ წესიერი იუდეველნი მათ არამხოლოდ ახლოს არ ეკარებოდნენ, არამედ დარწმუნებულნიც იყვნენ, რომ ისინი ვერასოდეს გადარჩებოდნენ. დამპყრობლებთან შეკრული გაიძვერა და წურბელა მებაჟეები ხალხს გულწრფელად სძულდა. მაგრამ, ზაქე არამხოლოდ იუდეველებისთვის იყო ცუდ დღეში, ის ქრისტეს საკრებულოსათვისაც შეუფერებელი იყო თავისი სიმდიდრის გამო. იესოსთვის ღმერთის მეტოქე ხომ მხოლოდ ფულია, მამონა. მისთვის ყველა მდიდარი ტანმორჩილია, ჩია; ნამდვილი ქრისტიანი კი ისაა, ვისაც გაზიარება ძალუძს. ამგვარია განსხვავება ძუნწ მდიდარსა და ხელგაშლილ ბატონიშვილს შორის. ზაქეს «სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო». არ ერიდება არავის, ქვეყნის სასაცილო ხდება, გარბის და ადის ხეზე. არ ვიცით, რა ამოძრავებდა მას, რის გამო უნდოდა იესოს ნახვა. გაგონილი ჰქონდა მასზე და იცოდა, რომ გალილეველი მოძღვარი არავის უმოწმებდა არც წარსულსა და არც აწმყოს? შესაძლოა, მაგრამ ჩვენთვის ისიც მნიშვნელოვანია რომ იგი ყურს უგდებს თავის გულის ხმას. ამ ხმას არ ეღალატება! ღმერთი არ ითხოვს ჩვენგან სრულყოფილებას, მისთვის კმარა, ვიყოთ ნამდვილნი.

დაბალი ზაქე ხეზე ადის, ხოლო ღვთიური სიმაღლეებიდან დამდაბლებული ქვემოდან შემოხედავს მას. ყოველი რელიგიის მთავარი შეცდომა უნდა გასწორდეს აქ: ღმერთთან შესახვედრად არაა საჭირო აღმასვლა, მწვერვალების დაპყრობა! აახილე თვალი და აღმოაჩინე ის ღმერთი, რომელმაც დაგასწრო, ის გამოვიდა შენს საძებრად, იგი კი არ ისმენს შენს სათხოვარს, არამედ ვიდრე სთხოვდე მას, გისრულებს ყველაფერს და თუკი მართლა გსურს მისი პოვნა, მოყვასის მსახურებაში შეგიძლია მიაგნო მას. სახარებაში არსად წერია, რომ გვმართებს დავემორჩილოთ ღმერთს, იესო როდესაც გვიყვება ღმეთზე, როგორც მამაზე, სხვათა შორის ამას გვთავაზობს: დაემსგავსე მას! შვილობა ხომ მამის მიბაძვას გულისხმობს. «იყავით სრუყოფილნი, როგორც...» მხოლოდ ამას ნიშნავს: «იყავით გულმოწყალენი, როგორი გულმოწყალეცაა მამა თქვენი».

«დღეს შენს სახლში უნდა ვიყო». ზაქეს სახლის ზღურბლზე არც ერთ წესიერ იუდეველს არ გადაებიჯებინა. ყველა დრტვინავდა და ბუზღუნებდა. «ყველა»! სახარება ნამდვილად დამაბრკოლებელია და ქრისტეს მოწაფეებს კიდევ დიდი დრო დასჭირდებათ იმის გასაგებად, რომ ღმერთის თვალში არ არსებობს «უწმიდური» ადამიანი, რომ არაა საჭირო განიწმიდო, იმისათვის, რომ შეგეძლოს ღმერთს უმასპინძლო, კარი გაუღე მას და განიწმიდები.

ზაქესთვის აშკარაა ერთი რამ, მან ისეთი რამეს მიაგნო, რომ ყველაფერი რაც მანამ ჰქონდა ნაშოვნი, არაფერია. მდიდარი ძუნწი იქცა ხელგაშლილ ბატონიშვილად; განა უფლის შვილობა არ შემოგვთავაზა ღვთის ძემ?! ზაქე თავისი ქონების ნახევარს ურიგებს ღარიბებს და ნაძარცვსაც აბრუნებს. მაშასადამე, არც ებრაელები ყოფილან მართლები, რომ ვერცერთი მებაჟე ვერ ცხონდებოდა და არც ქრისტიანები, რაკი ეგონათ, რომ მდიდარი ვერ შევიდოდა ცათა სასუფეველში (უფლისათვის ხომ მდიდარი იყო განუკურნებელი სენით შეპყრობილი უიმედო მომაკვდავი). დღევანდელი სახარება ყველას ეუბნება, რომ სინამდვილეში უფლისათვის არ არსებობს უიმედო შემთხვევა, ცხონება ყველასთვისაა ხელის ერთი გაწვდენა მანძილზე და ის გადატრიალება, რაც მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში იესოსთან შეხვედრას და მის მიღებას, მიზნად ისახავს ყირაზე მდგარი ადამიანის დაყენებას იმ მდგომარეობაში, რომელშიც ღმერთსა ჰყავს ის ჩაფიქრებული.

 

 

მამა აკაკი ჭელიძე

 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

Featured Posts

სახარების განმარტება - 2 ივნისი

June 1, 2019

1/6
Please reload

Recent Posts
Please reload

Archive