სახარების განმარტება 10 ნოემბერი

November 9, 2019

 

საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

20, 27-38

 

     იესოს მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომელიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას: „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას. იყვნენ შვიდნი ძმანი. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ. და მეორემაც და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არცერთს არ დარჩენია შვილები, და დაიხოცნენ. ბოლო დედაკაციც მოკვდა. ჰოდა, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“ და უთხრა მათ იესომ: „ამ საუკუნის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან;  ხოლო ვინც ღირსნი არიან მოიპოვონ ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავენ არც თხოვდებიან, ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან ისინი, ძენი აღდგომის.  ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როცა აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი.  ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ  არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია.“

 

განმარტება

 

დღევანდელი საკითხავი მოგვიწოდებს ჩავუღრმავდეთ ფიქრებს აღდგომის შესახებ - ქრისტეს აღდგომასა და ჩვენი აღდგომის - რადგანაც ორივე მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც ამას განმარტავს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში (იხ. 1 კორ 15). ქრისტიანული რწმენა სწორედ იესო ქრისტეს აღდგომას ემყარება, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს შესაძლებელია, ხოლო თუკი ეს მისთვისაა შესაძლებელი, რატომ არა სხვებისთვის - მისი შეწევნითა და მადლით? მაგრამ რა არის აღდგომა?

ეს არ არის მხოლოდ „გაცოცხლება“, რომელიც მოხდა ბეთანიაში - ლაზარეს აღდგინებას ვგულისხმობ. ლაზარე ცხოვრობდა, მოკვდა, ისევ იცოცხლა და კვლავ მოკვდა (სხვათა შორის სწორედ ამიტომაც იგი მიიჩნევა ნოტარიუსთა მფარველ წმიდანად - მას ორჯერ მოუწია ანდერძის დატოვება!). ლაზარე არის, ასევე, ჩემი ეპარქიის (მარსელის) მფარველი, რადგანაც ჩამოვიდა აქ, რათა სახარება ექადაგა ამ ქალაქში და იქვე მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის... მეორედ მოკვდა! ქრისტე, რომელიც აღდგა მკვდრეთით აღარ კვდება - ის ცოცხალია სამარადისოდ!

მისი უწმიდესი ხორცი ჩვენნაირი როდია - ის უხრწნელია, უკვდავი, მარადიული. უფრო მეტიც, ამ დიდებულ სხეულს განსაკუთრებული თავისებურებები აქვს: ლაზარე სხვებმა გაათავისუფლეს - მას ხომ „ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული...“ (იოან 11, 44), მაგრამ გამარჯვებულმა ქრისტემ ტილოები თავის ადგილზე დატოვა ხელუხლებლად - იესო აღდგა, ის თავისუფალია. ამ საიდუმლოს ტურინის სუდარა გვიდასტურებს. ადამიანს არ ძალუძს აღმდგარი ქრისტეს სხეულის ამოცნობა უბრალო დანახვით, ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ქრისტე გადაწყვეტს ამას. მოწმეებიც კი ვერაფერს ხვდებოდნენ სანამ იესო ქრისტე რაიმე ნიშნით არ გამოავლენდა საკუთარ პიროვნებას: მარიამ მაგდალელს სახელით მიმართა (იხ. იოან 20, 16); ემაუსის გზაზე მიმავალთ „თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი“ (ლუკ 24, 16) და მხოლოდ მაშინ „როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს...“ (ლუკ 24, 30-31); ნაიარევი, რომელშიც ხელი ჩადო თომამ (იხ. იოან 20, 26-28)...

ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებლობა გვეძლევა ამოვიცნოთ იგი, სიყვარულის ნიშნებია. წმ. პავლე ამბობს: „...რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული - ეს სამი. მათგან უდიდესი კი სიყვარულია“ (1 კორ 13, 13). თომას არ უთხოვია ქრისტეს სახის ხილვა, არამედ მის ხელებზე ნალურსმევის და განგმირული ფერდის ნახვა (იხ. იოან 20, 25), რადგანაც ესმოდა, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი იდენტობაა მისი ჯვარცმული სიყვარული. აღმდგარის განდიდებული სხეული გვევლინება იქ, სადაც მას სურს, მაშინ, როდესაც მას სურს, შესაძლოა ორ ადგილას ერთდროულად - იგი ეჩვენა პეტრეს იმავე დროს, როდესაც მოწაფეებს მიჰყვებოდა ემაუსის გზაზე (იხ. ლუკ 24, 13 – 33.34). მაგრამ იგი ჭამს (იხ. ლუკ 24), ლაპარაკობს და მოქმედებს, შესაძლებელია შეეხო მას (იხ. იოან 20). ქრისტეს სხეული ჭეშმარიტად მისი სხეულია, მაგრემ ეს მატერია - ახალია, ჩვენთვის სრულიად უცნობი.

ამგვარად, ჩვენი მომავალი აღდგომის რწმენა პასექის მოვლენებს ემყარება, ანუ ღმრთის უსაზღვრო სიყვარულს. ეს არის ის, რაც მაკაბელთა დროინდელ ებრაელებმა გააცნობიერეს და რაც ვერ გაიგეს და არ მიიღეს სადუკეველებმა: რაოდენ ძლიერ ვუყვარვართ ღმერთს. „შეიპყრეს შვიდი ძმა დედასთან ერთად და მათაც აიძულებდა მეფე ეჭამათ სჯულით აკრძალული ღორის ხორცი შოლტითა და ძარღვებით დატანჯულთ“ (2 მაკ 7, 1). მათ თავიანთი სიცოცხლე შეწირეს რწმენისთვის, რადგანაც იცოდნენ, რომ ღმერთს, რომელმაც შექმნა ისინი, ძალუძს კვლავ დაუბრუნოს სიცოცხლე: „სამყაროს მეუფე კი საუკუნო სიცოცხლისათვის აღგვადგენს მისი სჯულისთვის თავდადებულთ“ (2 მაკ 7, 9). ღმერთს არ სურს თავისი ჭეშმარიტი მეგობრების სამუდამოდ გაქრობა და მათ აღადგენს. ღმერთი არასდროს მარცხდება გულმოწყალებაში, გულუხვობასა და სიყვარულში.

სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება იესო სახარების დღევანდელ საკითხავში (ლუკ 20, 27-38). აბრაამი, ისააკი და იაკობი ღმერთის მეგობრები იყვნენ: აბრაამს ღმერთი მეგობარს უწოდებს (შდრ. ეს 41, 8; იაკ 2, 23) და ეს ახლობლური ურთიერთობა ისააკზეც ვრცელდება (იხ. დაბ 26, 3-5). ევლინება რა მოსეს როგორც „ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა“ (გამ 3, 6), ღმერთი გარდასულ დღეებზე კი არ საუბრობს, არამედ მარად არსებულზე. შემთხვევითი როდია, რომ მთელ ბიბლიაში მას „სიცოცხლის წყაროდ“ (ფსალმ 35, 10) და „ცოცხალ ღმერთად“ მოიხსენიებენ (იხ. ფსალმ 41, 3; დან 6, 26; მათ 16, 16; 1 თეს 1, 9), ხოლო იესო ქრისტეზე, ღმრთის ძეზე იგივეა ნათქვამი: „მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება“ (საქმე 2, 31; შდრ ფსალმ 15, 10). ეს ეხება ღმრთის ყველა მეგობარს, რადგანაც მისთვის ცოცხლობენ და მასში აღდგებიან. მკვდრეთით აღდგომაზე პავლე მოციქული ამბობს: „ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით“ (1 კორ 15, 51; შდრ. 2 კორ 3, 18; 1 თეს 4, 13-18). ასეთია ჩვნი რწმენა, რომლის განსამტკიცებლად „ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო“ (საქმე 3, 13).

 

მამა პიერ დიმულენი

 

 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

Featured Posts

სახარების განმარტება - 2 ივნისი

June 1, 2019

1/6
Please reload

Recent Posts
Please reload

Archive